ეთნიკური ანთროპოლოგია

ეთნიკური ანთროპოლოგია, ზოგადი ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი დარგი. შეისწავლის მსოფლიოს ხალხთა ანთროპოლ. შემადგენლობას აწმყოსა და წარსულში. ამ შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემები რასებს შორის ნათესაური დამოკიდებულებისა და მათი წარმოშობის დროის, ადგილისა და მიზეზების კვლევის საშუალებას იძლევა. ე. ა. იკვლევს ძირითადად ადამიანთა სხვადასხვა გაერთიანების (რასობრივი, ეთნიკური, ისტორიული, ენობრივი, ტერიტორიული და სხვ.) წარმოშობისა და ჩამოყალიბების (რასოგენეზისი, ეთნოგენეზისი) პროცესს; ამიტომ მას ხშირად ი ს ტ ო რ ი უ ლ  ა ნ თ რ ო პ ო ლ ო გ ი ა ს ა ც უწოდებენ; დროსა და სივრცეში განხილული ანთროპოლ. მონაცემები წარმოდგენას გვიქმნის ხალხთა შემადგენლობაში მომხდარ ცვლილებებზე და მთლიანად მის მიერ განვლილ ისტორიულ გზაზე. ხალხის ისტ. კვლევის ამ გზას ანთროპოლ. ისტორიასაც უწოდებენ. ქართვ. ანთროპოლოგთა კვლევის საგანია კავკასიის, განსაკუთრებით კი საქართვ. ყველა ქრონოლოგიური პერიოდის (ენეოლითიდან დღემდე) მოსახლეობის თავისებურებები, პალეოანთროპოლ. ტიპების ეპოქალური ტრანსფორმაცია, მათი უახლოესი გენოტიპების დადგენა. ქართვ. ანთროპოლოგების მიერ შესწავლილია კავკასიის, კერძოდ, საქართველოს ყველა ეთნ. და ტერიტ. ჯგუფი, შექმნილია თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლ. კლასიფიკაცია და გამოყოფილია ძირითადი ანთროპოლ. ტიპები. მათ მიერ შესწავლილია აგრეთვე ინდოეთის თანამედროვე მოსახლეობის ძირითადი ენდოგამური კასტები, გამოყოფილია ძირითადი ანთროპოლ. ტიპები და შექმნილია სამხრ. ევროპული და საერთოდ ევროპული კონტინენტური რასის ორიგინ. რასოგენეზური კონცეფცია. იხ. აგრეთვე ევროპული კონტინენტური რასა.

ლიტ.: A b d u s h e l i s h v i l i  M. G., The formation and the overspreading of the European (Caucasian) race. Main subdivisions in the light of the recent anthropological data from the Caucasus, Middle Asia, Afghanistan and India, – 5 0 Congresso da Sociedade Europeia de Anthropologia, vol. I, Lisboa, 1988.

მ. აბდუშელიშვილი