რობერტ და ლუდვიგ ნობელები (1829–1896 • 1831–1888), შვედი გამომგონებლები და მრეწველები. ნობელის პრემიის დამაარსებლის, ალფრედ ბერნჰარდ ნობელის ძმები. საქართველოში, კერძოდ ბათუმში, XIX საუკუნის 80‑იან წლებში გამოჩნდნენ მას შემდეგ, რაც 1876 წელს ბაქოში დააარსეს ნავთობსამრეწველო საწარმო (1879 წლიდან – „ძმები ნობელების ამხანაგობა“, იგივე „ბრანობელი“) და გადაწყვიტეს, ბაქოდან ბათუმის გავლით ნავთობი ევროპაში გაეტანათ. ამისთვის მათ ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის, რკინიგზისა და ბათუმის ნავთობტერმინალის მშენებლობა უნდა განეხორციელებინათ. 1883 წელს გაიხსნა ბათუმის ტერმინალი. იმავე წელს დასრულდა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის ხაშური-ბათუმის მონაკვეთის მშენებლობა. ლუდვიგ ნობელის კონსტრუქციით აიგო პირველი ვაგონ-ცისტერნები. ძმებმა ნობელებმა პირველებმა გაიტანეს ნავთობი ბათუმიდან ევროპის მიმართულებით.
ნობელებს ბათუმში თავიანთი მიწის ნაკვეთი და სახლი ჰქონდათ, სადაც ცხოვრობდნენ. 1883 წლიდან აქვე იყო ნობელების ბათუმური კანტორაც. სახლი ბათუმში, ბენზეს რაიონში, ლესელიძის ქ. #3-ში მდებარეობს. საბჭოთა პერიოდში აქ საბავშვო ბაღი, ხოლო შემდეგ მილიციის სამმართველო იყო განთავსებული. 2007 წლის 17 მაისს გაიხსნა „ბათუმის ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი“ მემორიალური დაფით. მუზეუმში გამოფენილია ნობელების ავეჯი, ნავთობის მრეწველობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნოლოგიური მასალა.