ტიგრან პეტროსიანი (1929–1984), სომეხი მოჭადრაკე, სსრკ და საერთაშორისო დიდოსტატი (1952), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960). ჭადრაკის ისტორიაში მეცხრე მსოფლიო ჩემპიონი (1963–1969). მსოფლიო პირველობის მატჩებში სძლია მ. ბოტვინიკს (1963) და ბ. სპასკის (1966).
ტ. პეტროსიანი თბილისში დაიბადა, სადაც 1948 წლამდე ცხოვრობდა (1950 წლიდან გადავიდა მოსკოვში). ჭადრაკს ეუფლებოდა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ჭადრაკის კაბინეტში ოსტატ ა. ებრალიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც შემდგომ დიდი მადლიერებით იხსენებდა: „ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ცხოვრება, მეორე – ოსტატი არჩილ ებრალიძე, შემდეგ კი კაპაბლანკა, ნიმცოვიჩი....“. ტ. პეტროსიანი იყო თბილისის ვიცე-ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი (1945), სსრკ ოთხგზის (1959, 1961, 1969, 1975), მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის ჩემპიონი, ევროპის რვაგზის გუნდური ჩემპიონი, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1960), ავტორი წიგნისა „ჭადრაკი და ფილოსოფია“ (1968).
ტ. პეტროსიანი გარდაიცვალა მოსკოვში.