იაკობ პოლონსკი

იაკობ პოლონსკი (1819-1898), რუსი პოეტი. დაიბადა რიაზანში. 1846-1851 წლებში თბილისში ცხოვრობდა. საქართველოსადმი ინტერესი ბიძამ და მამამ აღუძრეს. თბილისში ჩამოსული ი. პოლონსკი თავდაპირველად ვორონცოვის მოედნის ახლოს, თავად ფალავანდიშვილის სახლში ცხოვრობდა, შემდეგ – ავლაბარში, ბოლოს კი სოლოლაკში დასახლდა. მუშაობა დაიწყო გაზეთ „ზაკავკაზსკი ვესტნიკში“ რედაქტორის, პლატონ იოსელიანის, თანაშემწედ. თბილისი პოეტისათვის შთაგონების წყაროდ იქცა, უფრო სწორად, ამ ქალაქმა იგი ჭეშმარიტ შემოქმედად აქცია. ი. პოლონსკი თბილისის ლიტერატურული სალონების მუდმივი სტუმარი გახდა. დაუახლოვდა ალექსანდრე ჭავჭავაძეს, გიორგი ერისთავს, დიმიტრი ყიფიანს, მირზა ფათალი ახუნდოვსა და სხვებს; შეისწავლა ქართული ენა, საქართველოს ისტორია; პრესაში აქვეყნებდა წერილებს ქართული ფოლკლორის, ლიტერატურისა და თეატრის შესახებ. აქვე გამოსცა პოეტური კრებულები „საზანდარი“ (1849) და „რამდენიმე ლექსი“ (1851). ი. პოლონსკის ეკუთვნის რუსულ ლიტერატურაში რუსთაველისადმი მიძღვნილი პირველი ლექსი. მის პოეზიაში, ისევე როგორც პროზაულ („თბილისის ქოხები“, „ორი უცნობი – ცოცხალი და მკვდარი“) და დრამატულ („იმერთა დარეჯანი“) ნაწარმოებებში თვითმყოფი, თავისთავადი საქართველოა აღბეჭდილი. ი. პოლონსკი კარგად ხატავდა. შემოგვრჩა მის მიერ შესრულებული ჩანახატები თბილისის, გორის, ქუთაისის, დუშეთისა და სხვა ქალაქების ცხოვრებიდან. სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, იგი ჩვენი ქვეყნის სტატისტიკურ მონაცემებზე მუშაობდა. პრესაში გამოქვეყნდა ი. პოლონსკის ნაშრომი „თბილისის სტატისტიკური ნარკვევი“ (1847).

1851 წლიდან ი. პოლონსკი პეტერბურგში ცხოვრობდა. გარდაიცვალა იქვე, დაკრძალულია რიაზანში.