ალექსანდრე პუშკინი

ა. პუშკინი

ალექსანდრე პუშკინი (1799-1837), რუსი მწერალი. ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი. დაიბადა მოსკოვში. საქართველოსადმი ინტერესი გაუმძაფრდა 1825 წლიდან მას შემდეგ, რაც საქარ­თველოში გადმოასახლეს დეკაბ­რისტები. 1829 წელს ორჯერ იყო თბილისში: პირველად 27 მაისს ჩამოვიდა (ორი კვირა დაჰყო), როდესაც პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი, ხელისუფლების ნებადაურთველად გამოემგზავრა სამხედრო გზით, მეორედ – 1 აგვისტოს, რუსეთ-ოსმალეთის ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ (ამჯერად თბილისში ხუთი დღე გაატარა). სამხედრო გზით პოეტის მოგზაურობა აისახა მის ნარკვევში „საქართველოს სამხედრო გზა“ (1830).

თბილისში ა. პუშკინი ახლანდელი თავისუფლების მოედანზე სასტუმროში (მისი სიტყვებით, ტრაქტირში) ცხოვრობდა. ქალაქის საზოგადოება სიხარულით შეხვდა პოეტს, აცნობდა ქართულ კულტურას, ისტორიას, ქალაქის არქიტექტურას, ზნე-ჩვეულებებს. მის პატივსაცემად ქალაქგარეთ, მტკვრის პირას მდებარე ბაღებში, სადღესასწაულო შეხვედრა მოუწყვეს და რამდენიმე საღამო ევროპულ-აღმოსავლური სიმღერებისა და მუსიკის თანხლებით გაატარებინეს. მას დიდად მოეწონა გოგირდის აბანოები. იქ მნახველს დღესაც უჩვენებენ ნომერს, რომელსაც „პუშკინისას“ უწოდებენ. თბილისში მიღებული შთაბეჭდილებები ა. პუშკინმა შემდეგ გადმოგვცა ნარკვევში „მოგზაურობა არზრუმში“ (1836). საქართველომ შთააგონა მას ლექსები: „კავკასიონი“, „ზვავი“, „მონასტერი ყაზბეგზე“. საოცარი ლირიზმითაა აღსავსე სტრიქონები ლექსისა „საქართველოს მთებზე“:

«На холмах Грузии лежит ночная мгла,

Шумит Арагва предо мною,

Мне грустно и легко, печаль моя светла,

Печаль моя полна тобою».

ა. პუშკინი გარდაიცვალა პეტერბურგში ოფიცერ დანტესთან დუელში მიღებული ჭრილობით. დაკრძალულია სვიატოგორსკის მონასტერში.