ოტო იაკობ სიმონსონი (1832-1914), საქართველოში მოღვაწე არქიტექტორი, ეროვნებით შვედი. დაიბადა პეტერბურგში. 1858 დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია და კავკასიის მეფისნაცვლის მოწვევით გადმოვიდა მის კანცელარიაში, თბილისში, შტატგარეშე არქიტექტორად. ორმოცზე მეტი წელი ეწეოდა ინტენსიურ მუშაობას როგორც დამპროექტებელი: ადგენდა ტიპურ პროექტებს საფოსტო და საინჟინრო უწყებისათვის, ეკლესიებისათვის (მ.შ. ყვარლის ციხესიმაგრის, თბილისის კუკიის ეკლესიისა და სხვ.). XIX ს. მიწურულს აბასთუმნში ააშენა ეკლესია, რომელშიც ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ფორმებია გამოყენებული. 1859 წელს შეადგინა ალექსანდრეს პლაცზე საზოგადო ბაღის მოწყობის ესკიზური პროექტი; ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი ალექსანდრეს ბაღს (ცხრა აპრილის ბაღი). შეადგინა ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიის ახალი გალავნის პროექტი; მის სახელთანაა დაკავშირებული მეფისნაცვლის სასახლის ნაწილობრივი (1858-59), შემდეგ კი მთლიანი რეკონსტრუქცია (მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე). მისი პროექტით აშენდა მრავალი საცხოვრებელი სახლი: 1872 წელს ი. თამამშევის (ახლანდ. გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე), 1879 წელს ი. ზუბალაშვილის (ახლანდ. ლ. ასათიანის ქუჩაზე) და სხვ.
1909 წლიდან სიმონსონმა თავი დაანება მუშაობას და გადავიდა რიგაში, სადაც გარდაიცვალა.