ჯოვანი სკუდიერი (1817-1851), არქიტექტორი, ეროვნებით იტალიელი. დაიბადა პადუაში (იტალია). 1831 წელს იქვე დაამთავრა უმაღლესი საიმპერატორო სასწავლებელი. 1837 წელს გაემგზავრა რუსეთში. თავდაპირველად მუშაობდა ოდესაში. 1846 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მ. ვორონცოვმა გადმოიყვანა თბილისში და დანიშნა თბილისის საქალაქო ხუროთმოძღვრის მოვალეობის შემსრულებლად. 1847 წლიდან იყო მეფისნაცვლის კანცელარიის საკარანტინო ნაწილის არქიტექტორი. სკუდიერის პროექტით აშენდა ყოფ. ვორონცოვის, იგივე მიხეილის ხიდი (ახლანდ. ჩუღურეთის ხიდი), მშრალი ხიდი, თეატრისა და ქარვასლის შენობა პასკევიჩ-ერივანსკის (ახლანდ. თავისუფლების) მოედანზე. Mმისივე რეკონსტრუირებული, ან აშენებულია, მეჩეთი ბოტანიკურ ბაღთან, მასვე ეკუთვნის საცხოვრებელი სახლების პროექტები, რომელთაგან დღემდე არც ერთი არ შემოინახა. თანამედროვენი სკუდიერის თვლიდნენ „იტალიური სტილის“ გამავრცელებლად თბილისში.
სკუდიერი დაიღუპა თბილისში ტაძრის მშენებლობის დროს (შენდებოდა მისივე პროექტით).