გაბრიელ სუნდუკიანი (1825-1912), სომეხი მწერალი, დრამატურგი. დაიბადა თბილისში. 1838–1846 წლებში სწავლობდა თბილისის სხვადასხვა პანსიონსა და გიმნაზიაში. 1850 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. სამსახური დაიწყო თბილისში, მეფისნაცვლის კანცელარიაში, შემდეგ მუშაობდა კავკასიის გზათა სამმართველოს სამეურნეო განყოფილების უფროსად და სამოქალაქო გენერლის ჩინს მიაღწია. მონაწილეობდა ქალაქის საბჭოს მუშაობაშიც. ლიტერატურული საქმიანობა 60-იან წლებში დაიწყო. მისი მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული სომხურ თეატრთან, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც თვითონ იყო. გ. სუნდუკიანის პიესები და კომედიები ითარგმნებოდა ქართულ ენაზე, ისინი იდგმებოდა როგორც სომხურ თეატრში, ასევე ქართული თეატრის სცენაზეც. ამ მხრივ გამორჩეულია პიესა „პეპო“ სომხურ თეატრში – 1871, ქართულ სცენაზე – 1875. „პეპო“ ამის შემდეგაც არაერთხელ დაიდგა ქართულ თეატრში. განსაკუთრებით აღსანიშნავია რუსთაველის თეატრის დადგმები: 1923 წელს – რეჟ. ვ. აბაშიძე; 1952, 1978 – რეჟ. დ. ალექსიძე.
გ. სუნდუკიანი წერდა ძირითადად სომხური ენის თბილისურ დიალექტზე, რომელიც მრავლად შეიცავს ქართულ სიტყვებსა და გამოთქმებს, იყენებდა თბილისურ ფოლკლორს. ყოველივე ამან განაპირობა მისი ენის თავისებურება.
გ. სუნდუკიანი თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია სომეხ მოღვაწეთა პანთეონში.