მიქაელ ტარივერდიევი

მიქაელ ტარივერდიევი (1931-1996), რუსი კომპოზიტორი, წარმოშობით სომეხი. რსფსრ სახა­ლხო არტისტი (1996). დაიბადა თბილისში. სწავლობდა თბილისის 43-ე საშუალო სკოლაში. ამ სკოლაში დაწერა მან თავისი პირველი მუსიკალური ნაწარმოები – სკოლის ჰიმნი, რომელიც დღემდე სრულდება სხვადასხვა წლის 43-ე სკოლადამთავრებულთა შეხვედრებზე. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ ე.წ. „ნიჭიერთა ათწლედში“ ფორტეპიანოს განხრით, შემდეგ – თბილისის I მუსიკალურ სკოლაში კომპოზიციის განხრით (შ. მშველიძის კლასი), რომელიც ერთ წელიწადში დაამთავრა. იმ პერიოდში დაწერა ორი ერთაქტიანი საბალეტო ნაწარმოები, რომლებიც ქორეოგრაფიული სასწავლებლის ძალებით დაიდგა ოპერისა და ბალეტის თეატრში. ეს იყო პირველი პროფესიული წარმატება. ამის შემდეგ მ. ტარივერდიევი ერევანში გადავიდა და კონსერვატორიაში განაგრძო სწავლა, მაგრამ წლინახევრის შემდეგ მოსკოვს მიაშურა. 1953-1957 წლებში სწავლობდა მოსკოვის გნესინების სახ. მუსიკალურ-პედაგოგიურ ინსტიტუტში (ა. ხაჩატურიანის კლასი).

კინემატოგრაფიაში მ. ტარივერდიევის მუსიკა 1958 წელს გამოჩნდა ფილმში „ჩვენი მამების ახალგაზრდობა“, ეს იყო მისი დებიუტი. კომპოზიტორი 132 ფილმის მუსიკის ავტორია. პოპულარობა მოუტანა მუსიკამ და სიმღერებმა ფილმებისათვის: „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“, „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ (ამ ფილმის მუსიკისათვის 1977 წელს მიიღო სსრკ სახელმწიფო პრემია), „მეფე–ირემი“ და მრავალი სხვა. მრავალფეროვანია მისი შემოქმედება: 4 ოპერა, 4 ბალეტი, ინსტრუმენტალური კონცერტები, საორღანო მუსიკა და ა.შ. მ. ტარივერდიევი 18 საერთაშორისო პრემიის ლაურეატია.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი შემოქმედებითი ცხოვრება მოსკოვში გაატარა, მ. ტარივერდიევი სულით ხორცამდე თბილისელი იყო, მოსკოვის ბინაც თბილისურ ყაიდაზე ჰქონდა მოწყობილი. თბილისის სიყვარულით, ამ ქალაქში გატარებული ბავშვობის წლების მოგონებით არის გამთბარი მისი ავტობიოგრაფიული წიგნი „მე უბრალოდ ვცხოვრობ“ (2011).

მ. ტარივერდიევი სოჭში გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვის სომხურ სასაფლაოზე.