ტოვსტონოგოვი გიორგი ალექსანდრეს ძე

ტოვსტონოგოვი გიორგი ალექსანდრეს ძე (1915–1989), რუსი რეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1957), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1969), საქართველოს სახალხო არტისტი (1974). დაიბადა თბილისში, ინჟინრის ოჯახში. დედა ქართველი ჰყავდა – თამარ პაპიტაშვილი. სასცენო მოღვაწეობა 1931 წელს დაიწყო თბილისში როგორც მსახიობმა და რეჟისორის ასისტენტმა რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ამ თეატრში დადგა თავისი პირველი სპექტაკლი – ნ. გოგოლის „რევიზორი“ (1934), შემდეგ წავიდა მოსკოვში და 1938 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიისა და ა. ლუნაჩარსკის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. იმავე წელს თბილისში დაბრუნდა და 1946 წლამდე იყო თბილისის ა. გრიბოედოვის სახ. რუსული თეატრის რეჟისორი. ამ თეატრის სცენაზე დადგა ს. ნაიდიონოვის „ვანიუშინის შვილები“ (1939), ნ. პოგოდინის „კრემლის კურანტები“ (1946) და სხვ. 1939-1946 წლებში ასწავლიდა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში.

1946 წელს საქართველოდან წა­ვი­და. 1946-1949 წლებში მუშაობდა მოსკოვის ცენტრალურ საბავშვო თეატრში; 1950-1956 წლებში იყო ლენინგრადის ლენინური კომკავშირის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1956-იდან – ლენინგრადის მ. გორკის სახ. დიდი აკადემიური დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. გ. ტოვსტონოგოვის დადგმებიდან აღსანიშნავია: ფ. დოსტოევსკის „იდიოტი“ (1957, 1966), მ. გორკის „ბარბაროსები“ (1959) და „მდაბიონი“ (1966; „მდაბიონი“ დადგა აგრეთვე 1968 წელს რუსთაველის თეატრში), ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ (1962), ა. ჩეხოვის „სამი და“ (1965), ა. ცაგარლის „ხანუმა“ (1973) და სხვ.

გ. ტოვსტონოგოვი ლენინგრადში გარდაიცვალა. დაკრძალულია ხელოვნების მოღვაწეთა ნეკროპოლში (ტიხვინის სასაფლაო, ალექსანდრე ნეველის ლავრა).