პრასკოვია უვაროვა (1840-1924), რუსი არქეოლოგი. ცნობილი რუსი არქეოლოგის გრაფ ალექსეი უვაროვის მეუღლე. 1879 წლიდან კავკასიაში მუშაობდა ჯერ როგორც საველე არქეოლოგიური გათხრების მონაწილე, შემდეგ როგორც გათხრების ხელმძღვანელი ჩრდილო კავკასიის მთიანეთში. მან შეისწავლა სამაროვნები, მიდამო, მოსახლეობა და გამოაქვეყნა სათანადო მასალა. რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთსა და ხევსურეთში შეკრიბა ქრისტიანული ხანის ძეგლები და მასალების ნაწილი გამოაქვეყნა („Материалы по археологии Кавказа“, IV, М.); 1890 წელს გამოსცა ჩრდილო კავკასიის სხვადასხვა დროის, ძირითადად გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამაროვნების – ყობანის, ბალთის, სტეფანწმინდის (ყაზბეგის განძი), ქურთათის, დიგორის (დონიფარსი, კუმბულთა) მასალა. 1902 წელს გამოსცა კავკასიის მუზეუმის არქეოლოგიური მასალების კატალოგი, რომლის შესავალში განხილულია არქეოლოგიური კვლევა-ძიების ისტორია კავკასიაში, სიძველეთა დაცვის მდგომარეობა და მნიშვნელობა.
პ. უვაროვა 1884 წლიდან იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების თავჯდომარე. მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ფონდი შედგება რუსეთის სახელმწიფო მუზეუმში დაცული პ. უვაროვას მასალების ფოტოპირებისაგან.