პავლე ფლორენსკი

პავლე ფლორენსკი (1883-1937), თეოლოგი, რელიგიის ფილოსოფოსი, ბუნებისმეტყველი, ინჟინერი. დაიბადა ევლახში, ელიზავეტპოლის გუბერნიაში (დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია) რკინიგზის მშენებელ-ინჟინრის – ალექსანდრე ფლორენსკისა და სალომე (ოლღა) საფაროვას (საფარელის) თბილისურ არისტოკრატიულ ოჯახში. პავლეს დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ოჯახი თბილისში დაბრუნდა (ალექსანდრე ევლახში მუშაობდა კავკასიის რკინიგზის მშენებლობაზე). ოჯახი თბილისში მთაწმინდაზე, ჯერ დავითის, ხოლო შემდეგ ნიკოლოზის (ახლანდ. ივანე ჯავახიშვილის) ქუჩაზე ცხოვრობდა. 1899 წელს პ. ფლორენსკიმ თბილისის მე-2 გიმნაზია დაამთავრა, ხოლო 1900 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მას ლექციების წაკითხვა შესთავაზეს, მაგრამ პ. ფლორენსკიმ, რომელიც ღრმად რელიგიური ადამიანი იყო, სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. მისი სულიერი მოძღვრები ეპისკოპოსი ანტონ ქართველი და ბერი ისიდორე (ბაგრატიონ-გრუზინსკი) გახდნენ. სწორედ მათ მიუძღვნა პ. ფლორენსკიმ ნაშრომი „მიწის მარილი“. 1908–1919 წლებში პ. ფლორენსკიმ დაწერა თხზულებები ფილოსოფიის, კულტურისა და რელიგიის საკითხებზე. ნაშრომი „გოდოლი და ჭეშმარიტების მტკიცება“ (1914) მიჩნეულია მართლმადიდებლური თეოლოგიის შედევრად, ხოლო ევროპაში ეგზისტენციალურ ფილოსოფიას მიაკუთვნებენ. საქართველოში გაზრდილი, ქართულ კულტურას ნაზიარები პ. ფლორენსკი ქმნიდა ნაშრომებს შუასაუკუნეების ქართული კულტურის, არქიტექტურისა და ხატწერის, კულტმსახურების ფილოსოფიის საკითხებზე.

1911 წელს პ. ფლორენსკი ჯერ დიაკვნად, ხოლო შემდეგ მღვდლად აკურთხეს. 1914 წელს იგი ღვთისმეტყველების მაგისტრი და მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი გახდა. 1918 წელს დახურეს მოსკოვის სასულიერო აკადემია. ღვთისმსახურებას მოწყვეტილმა, ხელი მიჰყო სამეცნიერო მოღვაწეობას. 1928 წელს ის ნიჟნი-ნოვგოროდში გადაასახლეს, 1933 წელს კვლავ დააპატიმრეს და 10 წელი მიუსაჯეს. 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ბოლოს მაინც დახვრეტით შეუცვალეს: 1937 წლის 8 დეკემბერს პ. ფლორენსკი დახვრიტეს.