ჰაინრიხ შარერი (1828–1906), გერმანელი ბოტანიკოსი. 1859 წელს მოიწვიეს თბილისში ბერლინელი სწავლულის, კარლ კოჰის რეკომენდაციით. მეფისნაცვლის სურვილით, მას ბაღის გაშენება დაევალა. საქართველოში ჩამოსული შარერი თავდაპირველად მეფისნაცვლის სასახლეში ცხოვრობდა. მან შეიმუშავა ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე ალექსანდრეს ბაღის მოწყობის გეგმა. ეს ბაღი საზეიმოდ გაიხსნა 1863 წელს, დიდი დაგეგმარებითი და ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ. ეს იყო ევროპული სტილის პირველი დასასვენებელი პარკი თბილისში. ჰ. შარერი იყო არა მხოლოდ ლანდშაფტის არქიტექტორი, არამედ იგი იკვლევდა სასარგებლო მცენარეებს მიწათმოქმედების, მებოსტნეობისა და მეღვინეობის დარგების გასავითარებლად. 1861 წლიდან ჰ. შარერი ხელმძღვანელობდა ბოტანიკურ ბაღს, რომლის ტერიტორიაზეც მან 1871 წელს ააგო მებაღეობის შენობა. შარერმა მოგვიანებით სათბურები ააშენა და დაიწყო საქართველოში მანამდე უცნობი დეკორატიული მცენარეების მოშენება. 1886 წელს გაიხსნა ბოტანიკის მუზეუმი, ხოლო ბოტანიკური ბაღი საბოლოოდ გადაკეთდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად, რომელსაც, როგორც კვლევით დაწესებულებას, ხელმძღვანელობდა ჰ. შარერის მემკვიდრე ა. გინცენბერგი.