ალექსანდრე შიმკევიჩი (1858-1907), არქიტექტორი. წარმოშობით პოლონელი. დაიბადა სანქტ-პეტერბურგში. 1867-1875 წლებში სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის კარლ მაის სახ. სკოლაში. 1883 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემია არქიტექტორის სპეციალობით. 1885 წელს მიიღო არქიტექტორის ადგილი თბილისის თვითმმართველობაში და საცხოვრებლადაც აქვე დასახლდა. 1897-1901 წლებში აირჩიეს თბილისის საქალაქო საკრებულოს დეპუტატად. 1905-1906 წლებში ასწავლიდა თბილისის სამხატვრო სკოლაში.
ა. შიმკევიჩის პროექტებით თბილისში აშენდა შემდეგი შენობები: ისლამური სახლი (1885), კავკასიის აბრეშუმის სახლი (1892), სასამართლო პალატისა და საოლქო სასამართლოს (ახლანდელი საქართველოს უმაღლესი სასამართლო) შენობა (1894), სამუსიკო სახლის (სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია) შენობა (1904), საარტისტო საზოგადოების (შოთა რუსთაველის სახ. თეატრი, არქიტ. კ. ტატიშჩევთან ერთად) შენობა (1901), ფუნიკულიორის (არქიტ. ბლუმენთან ერთად) შენობა (1905) და, ასევე, ბევრი კერძო სახლიც.
ა. შიმკევიჩის შემოქმედება გამოირჩევა სტილური მრავალფეროვნებით (ამ მხრივ განსაკუთრებით თვალსაჩინოა რუსთაველის თეატრი), დასავლეთ ევროპაში გაბატონებული არქიტექტურული ფორმების (დამყარებული რენესანსულ-ბაროკოს სტილზე) შერწყმით ჩვენში ისტორიულად ჩამოყალიბებულ სტრუქტურებთან.
ა. შიმკევიჩი ვარშავაში გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისში.