ოსკარ შმერლინგი (1863-1938), ფერწერი, გრაფიკოსი. გერმანელი კოლონისტების შთამომავალი. „კავკასიის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. დაიბადა თბილისში. სწავლობდა თბილისის რეალურ სასწავლებელში, 1884 წლიდან – პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, ხოლო 1891-1893 წლებში – მიუნხენში. თბილისში დაბრუნების შემდეგ (1893) იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი (1902-1918). 1921 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახალდაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იყო ცნობილ ქართველ მხატვართა პედაგოგი (მათ შორის, ლადო გუდიაშვილის).
„ჩვენ, შმერლინგები, მკვიდრი თბილისელები ვართ“ – ამბობდა ო.შმერლინგის ქალიშვილი, ცნობილი ხელოვნებათმცოდნე, რენე შმერლინგი, – „მამაჩემი ქართველი მხატვარია“. ო. შმერლინგი ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1901 წლიდან მისი კარიკატურული ნახატები იბეჭდებოდა „ოცნების ფურცლის“ სურათებიან დამატებაში. თანამშრომლობდა ჟურნალ „ეშმაკის მათრახში“, „ტარტაროზში“. იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს; თბილისის თემაზე შექმნილ ნახატთა სერიაში ხატოვნად არის წარმოჩენილი ქალაქური ყოფა, ადათ-წესები. ასეთებია: „მეზურნეები“, „ორი ქალაქელი“ (კერძო კუთვნილება) და სხვ.
ო. შმერლინგს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარებაში. აღსანიშნავია მისი ნახატები საბავშვო წიგნებისათვის: ი. გოგებაშვილის „დედა ენა“ (გრავირებული გ. ტატიშვილის მიერ, 1895), „იავნანამ რა ჰქმნა?“ (1904), „ზღაპრები“ (ქართველ ქალთა წრის გამოცემა, 1905) და სხვ.
ო. შმერლინგი თბილისში გარდაიცვალა.