პეტრე ჩაიკოვსკი (1840-1893), რუსი კომპოზიტორი. საფრანგეთის ნატიფ ხელოვნებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1892), კემბრიჯის უნივერსიტეტის მუსიკის საპატიო დოქტორი (1893). დაიბადა ქ. ვოტკინსკში (უდმურტეთი, რუსეთი). 1861–1865 წლებში სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში (ა. რუბინშტეინის კლასი, კომპოზიცია). 1885 წლამდე მეტწილად საზღვარგარეთ ცხოვრობდა, 1885 წლიდან კი დამკვიდრდა მოსკოვთან ახლოს. 1886–1890 წლებში პ. ჩაიკოვსკი ხუთჯერ იყო საქართველოში. 1890 წელს თბილისში ცხოვრობდა კონსულის ქუჩაზე, სოლოლაკში, რომელსაც შემდეგ მისი სახელი ეწოდა. 1887 წლის ივნისი-ივლისი კომპოზიტორმა ბორჯომში გაატარა, მკურნალობდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ბორჯომიდან წამოსვლის შემდეგ წერდა: „ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში“. თბილისსა და ბორჯომში დაწერა პ. ჩაიკოვსკიმ საორკესტრო სიუიტა „მოცარტიანა“, სექსტეტი „მოგონებები ფლორენციაზე“, აქ მუშაობდა ბალეტ „მძინარე მზეთუნახავზე“; ქართული იავნანას მელოდია გამოიყენა ბალეტ „მაკნატუნაში“. ასევე დაწერა საგუნდო ნაწარმოები „ნეტარია ის, ვინც იღიმება“. პ. ჩაიკოვსკის საუკეთესო ოპერები მის სიცოცხლეშივე დაიდგა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე: „პიკის ქალი“, „ევგენი ონეგინი“, „ორლეანელი ქალწული“, „მაზეპა“, „იოლანტა“.
პ. ჩაიკოვსკი სანქტ-პეტერბურგში გარდაიცვალა.