არამ ხაჩატურიანი

ა. ხაჩატურიანი

არამ ხაჩატურიანი (1903–1978), სომეხი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. სსრკ სახალხო არტისტი (1954), სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1963), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1973). დაიბადა თბილისში. 1934 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (ნ. მიასკოვსკის საკომპოზიციო კლასი). ა. ხაჩატურიანს ფართო აღიარება მოუტანა საფორტეპიანო და, განსაკუთრებით, სავიოლინო კონცერტებმა. ცნობილი ბალეტებია „გაიანე“ (1942) და „სპარტაკი“ (1954). წერდა მუსიკას სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის. სომხურ ხალხურ მუსიკასთან ერთად, ა. ხაჩატურიანის მუსიკაზე გავლენა იქონია თბილისურმა ქალაქურმა ფოლკლორმა. ა. ხაჩატურიანი ხშირად ჩამოდიოდა თბილისში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ კომპოზიტორებთან: ბიძინა კვერნაძესთან, გია ყანჩელთან, ჯანსუღ კახიძესთან.

ა. ხაჩატურიანი იყო საზღვარგარეთის ხელოვნების აკადემიების საპატიო წევრი, ლენინური (1959), სსრკ სახელმწიფო (1941, 1943, 1946, 1950, 1971) და სომხეთის სახელმწიფო (1965) პრემიების ლაურეატი.

ა. ხაჩატურიანი მოსკოვში გარდაიცვალა. დაკრძალულია ერევანში.