ჰუგო ჰუბერტი (1902-1982), ავსტრიელი პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა ბიალა-ბიელიცში (ახლანდ. Bბიელსკო-ბიალა, პოლონეთი). სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში. 1949–1954 წლებში პერიოდულად ცხოვრობდა თბილისში. პირველივე ჩამოსვლისას დაიწყო მზადება „ვეფხისტყაოსნის“ სათარგმნელად. 1954 წელს დაასრულა თარგმანი. გერმანული თარგმანი პოემისა პირველად გამოვიდა 1955 წელს მისივე წინასიტყვაობით „რუსთაველი და მისი პოემა“ (ს. ქობულაძის ილუსტრაციებით), მეორედ – 1970 წელს (ეს და შემდეგი გამოცემები ლ. ცუცქირიძის ილუსტრაციებით), მესამედ – 1980 წელს, მეოთხედ – 1982 წელს.
1956 წლიდან ჰ. ჰუპერტი ვენაში ცხოვრობდა. გერმანულ ჟურნალ „ველტბიუნეში“ აქვეყნებდა საქართველოსადმი მიძღვნილ წერილებს – „რეპორტიორის თვალით დანახული რუსთაველი“ (1956), „ღირსპატივსაცემი თბილისი“ (1959), რომლებიც შემდეგ შევიდა ჰ. ჰუპერტის პუბლიცისტურ წერილთა კრებულში „წუთები და მომენტები“ (1978, Gგერმანია). სხვადასხვა ქალაქში კითხულობდა ლექციებს საერთო სახელწოდებით „საქართველო–კალიფორნია შავი ზღვის პირას“. უკანასკნელად ჰუპერტი საქართველოში ჩამოვიდა 1966 წელს რუსთაველის საიუბილეო ზეიმში მონაწილეობის მისაღებად. ჰ. ჰუპერტის შემოქმედებაში საქართველოს თემა მნიშვნელოვანია. იგი თბილისის შესახებ წერდა: „თბილისი რომ არა, შესაძლოა, ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები,, ჩინგისხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები.“ ლირიკულ ლექსთა კრებულში „ყარიბის ქართული არგანი“ (1954) შესულია ლექსები: „ნარიყალას ციხე“, „დავითის მთა“, „შესვლა თბილისში“, „რუსთაველის პროსპექტზე“ და სხვ. თბილისში გატარებული წლები აღწერილია ჰ. ჰუპერტის ბოლო ლირიკულ კრებულში „ნიშნები, ანუ სავსე მთვარე შეკვეთით“ (1981) შესულია 1979 წელს დაწერილი ლექსი – „კავკასიაში. ირაკლი აბაშიძის მოტივების მიხედვით“.
ჰ. ჰუპერტი ავსტრიაში, ვენაში გარდაიცვალა.