სომხიშვილი თამაზი (დ. 22. 06. 1957, თბილისი), ბიზნესმენი და ქველმოქმედი. 1994 წელს დაამთავრა ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2002). წლების განმავლობაში საქმიანობდა რუსეთში ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში. განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქველმოქმედო მიმართულებით, ქართული დიასპორის მხარდასაჭერად. მის სახელთანაა დაკავშირებული ლონდონში მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძრის შეძენა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა.
საქართველოში, სამეწარმეო საქმიანობასთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში. მისი დაფინანსებით განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის საქართველოს ეროვნული გმირის - ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკის და მემორიალის მშენებლობა თიანეთის მუნიციპალიტეტში.
მის მიერ შექმნილმა განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფონდმა "ხვალინდელი წარმატებისათვის" დახმარება გაუწია არაერთ ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდას.
სომხიშვილის სპონსორობით განხორციელდა ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების მასშტაბური გამოფენა ქ. ვენის "ალბერტინას" მუზეუმში 2019 წელს, ასევე ქ. არლიში (საფრანგეთი) ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში. ამ გამოფენებისათვის ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად მომზადდა "ფიროსმანის მაგიდა".
იყო საქართველოს სროლის ფედერაციის პრეზიდენტი.
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიანიჭა ღირსი სერგი რადონეჟელის ორდენი. ასევე მინიჭებული აქვს ვ. ტატიშჩევის პრემია.
მუდმივ დახმარებას უწევს ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციას.