მთხრობელი

მთხრობელი (სამართლის ისტ.), ძველ საქართველოში ბოროტმოქმედების თვითმხილველი პირი, რ-იც გასამრჯელოს მიღების მიზნით აცნობებდა დაზარალებულს დამნაშავის ვინაობას. იმისათვის, რომ მ-ის ჩვენება მტკიცებულება გამხდარიყო, აუცილებელი იყო სასამართლო პროცესზე ის პირზე დასდგომოდა ბრალდებულს. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის 236-ე მუხლის მიხედვით, „...მთხრობელმან, როდესაც უთხრას კაცსა და სამთხრობელო გამოართვას, მაშინვე ის პირობა უნდა დაიდოს, რომ თუ გაჭირდეს, პირს დაუდგებიო“. მ. იყო ბრალის მდებელი მოწმე. მ-ის საფუძველზე პირს წაუყენებდნენ ბრალს და იწყებოდა სისხლის სამართლის პროცესი.

მ-ის პროცესზე გამოსვლა ძირითადად ხდებოდა ქურდობისა და სხვა მსუბუქი გადაცდომის საქმეებზე. მკვლელობის, დაჭრის ან სხვა მძიმე შემთხვევებში მ. მოწმედ არ გამოჰყავდათ, რადგან იგი ერიდებოდა მოსალოდნელ მტრობას ეჭვმიტანილთან. ამ საქმეზე მ-ის ვინაობა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ასეთ შემთხვევებში, მაგ., სვანეთში ხდებოდა ეჭვმიტანილისთვის მ-ის დასახელება თანამოფიცრად და ამ გზით ეჭვმიტანილის გამტყუნება მიიღწეოდა, სხვა შემთხვევაში მ. გვევლინება მხოლოდ დაზარალებულისთვის ამბის მიმტანად.

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის 38-ე მუხლის მიხედვით, თუ პირს მ-ის მეშვეობით დასწამებდნენ დანაშაულის ჩადენას, ეჭვმიტანილის ყმა (მ-ის ასაკის) მ-ს ხმლით უნდა შებრძოლებოდა. მ-ის გამარჯვების შემთხვევაში მას „სამთხრობლოც მისცეს და სისხლიცა“, ხოლო დამარცხების შემთხვევაში ხელშეკრული მ. ეჭვმიტანილს გადაეცემოდა და მასვე გადაახდევინებდნენ სისხლის საფასურს. სამთხრობლო (მ-ის გასამრჯელო) მ-ის და დაზარელებულის შეთანხმებაზე იყო დამოკიდებული.

მთხრობლობა ვალდებულებად მიიჩნეოდა ხელმწიფის ღალატის შემთხვევაში, ჩვეულებრივ კი, „მთხრობლობა საქმით ხომ მართალიც ცოდვა არის“ (ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის მ. 236).

ეთნოგრ. მასალებში აღწერილი ერთ-ერთი შემთხვევის მიხედვით, რჯულის კაცებმა უსაყვედურეს დაზარალებულ მხარეს, თუ რატომ არ შეამოწმა მ-ის ინფორმაცია. მ-მა დაზარალებულს უთხრა, თუ ვინ მოიპარა და დაკლა მისი ხარი, სად შეინახა ხორცი, სად გააშრო ტყავი, სასამართლო პროცესზე კი უარყო თავისი სიტყვები. აღნიშნული ადასტურებს, რომ თვით დაზარალებულს უნდა შეემოწმებინა მ-ის ნათქვამი.

ლიტ.: დ ა ვ ი თ ა შ ვ ი ლ ი გ., სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი ქართულ სამართალში, თბ., 2004. მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი ვ., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, თბ., 2003, ნ ა დ ა რ ე ი შ ვ ი ლ ი გ., ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, თბ., 2005, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 1, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1963.

ი. უჯმაჯურიძე