მიათლის გორასამარხები

მიათლის გორასამარხები, ბრინჯაოს ხანის გორასამარხები,

განლაგებული სოფ. მიათლისთან (ჩრდ. დაღესტანი). მ. გ-ის მიწაყრილები სხვადასხვაგვარია (მრგვალი, წაგრძელებული, ქვით ნაგები, ქვა-მიწანარევი). ასობით სატომო-საგვარეულო ქვაყუთს გრძელი ქვაყრილები ფარავდა. საფლავის ფორმის, დაკრძალვის წესისა და ინვენტარის მიხედვით გამოიყოფა 3 ძირითადი ტიპი. სამარხთა I ტიპი ადრინდ. ბრინჯაოს ხანისაა (ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ.). მათში ნაპოვნია ეშერის დოლმენებისა და საჩხერის ყორღანებში აღმოჩენილი ნივთების მსგავსი სპილენძის ყუადაქანებული საბრძოლო ცული, შუბისწვერი და მარყუჟისებრთავიანი საკინძი, ჩრდ. კავკ. ტიპის

სპილენძის რომბისებური შუბისწვერი, სხვადასხვა სახის სამკაული. კერამიკა ხელით ნაძერწია, მეტწილად მუქი, გლუვზედაპირიანი და კარგად გამომწვარი. მდიდრული ორნამენტით შემკული ჭურჭლის ფორმები მრავალნაირია. გვხვდება მტკვარ-არაქსის კერამიკის მსგავსი ფორმები და თრიალეთის კერამიკის მსგავსი ორნამენტი. II ტიპის სამარხები თარიღდება ძვ. წ. II ათასწლ. შუა ხანით. აღმოჩენილია თიხის ჭურჭელი და მცირე რაოდენობით სამკაული. სამარხთა III ტიპი თარიღდება ძვ. წ. II ათასწლ. დასაწყისით. მათში გვხვდება თიხის ინვენტარი და შედარებით ღარიბული სამკაული. ჩნდება კერამ. ნაწარმის ახ. ფორმები და ორნამენტი. სამხრ. კავკასიის გავლენასთან ერთად ჩანს ჩრდ. კავკ. მეზობელ ტომებთან ურთიერთობის ნიშნები. მიათლის კულტ. საფეხურებს შორის შეიმჩნევა უწყვეტი ნათესაური კავშირი. გვიანდ. ბრინჯაოს ხანაში კულტურის ერთგვაროვნება ჩრდ.-აღმ. კავკასიის ტომთა კულტ.-პოლიტ. კონსოლიდაციით აიხსნება. მ. გ-ის კულტურა წარმოადგენს ყაიაქენთ-ხოროჩოის კულტურის წარმოქმნის ერთ-ერთ წყაროს.

ლიტ.: Материалы по археологии Дагестана, [т.] 1, Махачкала, 1959.

ე. გოგაძე