მიბაძვა (ბერძ. მიმესის) ფილოსოფიის, კერძოდ ესთეტიკის ერთ-ერთი მთავარი ცნება ფილოსოფიაში მ-ის ცნების გამოყენება სათავეს იღებს მუსიკის თეორიიდან. თეატრში მ. სცენური გამოხატვის აზრით გაიგება, კომედია და ტრაგედია კი მ-ის წმინდა ფორმებია. ანტიკურ ფილოსოფიაში მ-ის ორიგინალური გაგება დაკავშირებულია პლატონთან და არისტოტელესთან. თუკი პლატონი მ-ის ცნებას ონტოლოგიისა და შემეცნების თეორიის ჭრილში განიხილავს, არისტოტელე მას პოეტიკის სფეროში იყენებს და შემოქმედებითი კვლავწარმოქმნის პროცესს უკავშირებს. პლატონის დუალისტური მოდელის მიხედვით, ერთმანეთისგან განირჩევა „იდეების სამყარო“ და „მოვლენების სამყარო“. პირველი მეორის ნიმუში და პარადიგმაა, ხოლო მეორე - პირველის მკრთალი ანარეკლი და აჩრდილი. მოვლენების სამყარო იდეების სამყაროს მ. შესაბამისად, უფრო ნაკლები ღირებულებისაა, ვიდრე პირველი. არისტოტელეს მიხედვით, ხელოვნების სფეროში ასახული სამყარო ნამდვილი სამყაროს მსგავსია, თუმცა მისი იდენტური არ არის. ამდენად, ხელოვნება და ხელოვანი შემოქმედებითი მ-ის მეშვეობით ქმნის ახალ სამყაროს, რ-იც კათარზისის საფუძველიცაა. ამის შემდგომ, ევროპული ფილოს. ისტორიაში მ-ის ცნების გაგებისა და განვრცობის მრავალი საგულისხმო მოდელი შეიქმნა (ფრანგი ენციკლოპედისტები, ი. კანტი, გ. ვ. ფ. ჰეგელი, მ. ჰაიდეგერი, ვ. ბენიამინი, თ. ადორნო, პ. რიკიორი, ჟ. დერიდა, რ. ჟირარი და მრავალი სხვ.).
ქართულ ფილოსოფიაში მ-ის ანტიკურ და თანამედროვე გაგებას იკვლევდნენ ს. დანელია, შ. ნუცუბიძე, მ. გოგიბერიძე, ს. წერეთელი, რ. შენგელია, გ. თევზაძე და სხვ.
ლიტ.: არისტოტელე, პოეტიკა, წინასიტყვ. თარგმ. და კომენტარები ს. დანელიასი, თბ., 1944; გ ო გ ი ბ ე რ ი ძ ე მ., ფილოსოფიის ისტორია, ტ. I, თბ., 1941; დანელია, ს., ნარკვევები ანტიკური და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში, თბ., 1978, თევზაძე, გ., ანტიკური ფილოსოფია, თბ., 1995.
თ. ირემაძე