მიგნენი (Mignan) რობერტ

მიგნენი (Mignan) რობერტ (1803 - 3. VI. 1852, პუნა, ინდოეთი), ბრიტანელი სამხედრო ოფიცერი, მკვლევარი და მწერალი. იგი იყო ლონდონის ლინეის საზ-ბის, ასევე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზ-ბის წევრი. 1819 მ. შევიდა ბომბეის არმიაში, იყო ლეიტენანტი (1820), კაპიტანი (1830), მაიორი (1847), პოდპოლკოვნიკი (1849). 1821 ომანში ბანი ბუ ალის ტომის წინააღმდეგ გაგზავნილი საექსპედიციო კორპუსის შემადგენლობაში შედიოდა. 1826-28 იგი ერაყის ნაკლებად ცნობილ რეგიონებში რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლის შესწავლის მიზნით ეწვია ქტეზიფონსა და ბაბილონს.

1829, როცა მ. ოჯახთან ერთად ლონდონიდან ინდოეთში ბრუნდებოდა სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად, პეტერბურგში დაუკავშირდა სპარსეთის საგანგებო დესპანს - ხოსრო-მირზას, რ-იც ა. გრიბოედოვის მკვლელობის გამო რუსეთში შაჰის მთავრობის მიერ ბოდიშის მოსახდელად იყო გაგზავნილი და ირანში ბრუნდებოდა. აქვე შეხვდა პრუსიელ მეცნიერს - ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტს, რ-მაც მ. დაარწმუნა გამოეკვლიათ კასპიის ზღვის დას. სანაპირო. 8 დეკემბერს მოგზაურები უკვე სტავროპოლში იყვნენ, შემდეგ გეორგიევსკი გაიარეს და საქართვ. სამხედრო გზით თბილისში ჩავიდნენ, სადაც მათ ელოდა საფრ. კონსული ჟ. გამბა. მ-ის "მოგზაურობის" ნაწილი კავკასიას ეხება და შეიცავს მოკლე ცნობებს მის მიერ ნანახ ყველა ქალაქზე. საინტერესოდაა აღწერილი საქართვ. სამხედრო გზა, გამოთქმულია შენიშვნები რუსეთის პოლიტიკის თაობაზე ირანის მიმართ და სხვ.

თხზ.: Travels in Chaldæa: Including a Journey from Bussorah to Bagdad, Hillah, and Babylon, Performed on Foot in 1827. With Observations on the Sited and Remains of Babel, Seleucia, and Ctesiphon, London, 1929; A Brief Sketch of the Present State of Georgia, now a Russian Province, Journal of the Asiatic Society of Bengal. 3, 1834; Journal of a tour through Georgia, Persia, and Mesopotamia, Journal of the Asiatic Society of Bengal, A Winter Journey through Russia, the Caucasian Alps, and Georgia, thence across Mount Zazros, and by the Pass of Xenophon and the Ten housand Greeks, into Koordistan, Vol. 1, 2, London, 1839.

ლიტ.: Полиевтков М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800-1830 гг., Тб., 1946.