მიგრაცია

მიგრაცია (ლათ. მიგრატიო, სიტყვიდან მიგრო – გადავდივარ, გადასახლება), ვინმეს ან რამეს სივრცეში გადაადგილების პროცესი. ტერმინი მ. გამოიყენება მეცნიერების საბუნებისმეტყველო, ტექ. და ჰუმანიტარულ დარგებში. მაგ., ბიოლოგიაში იყენებენ ტერმინებს: ცხოველთა მ. (ცოცხალი ორგანიზმების გადაადგილება გამოწვეული საარსებო პირობების ცვლილებებით ან განვითარების ციკლის მიმდინარეობით), ჩიტების მ., თევზების მ., მცენარეთა მ., უჯრედების მ. და სხვ. ფიზ. და ქიმ. მეცნიერებებში – სეისმოგრამების მ. (გარდაქმნა სეისმოდაზვერვაში, რ-იც მიეკუთვნება შებრუნებული ამოცანების კლასს და საშუალებას იძლევა შევაფასოთ გარემოს თვისებები ამ გარემოში გავლილ დასაკვირვებელ სეისმურ სიგნალზე), ელემენტების მ. (დედამიწის ქერქში და მის ზედაპირზე ქიმ. ელემენტების გადაადგილება, გადანაწილება), ენერგიის მ. (ენერგიის სპონტანური გადასვლა ერთი ნაწილაკიდან მეორეზე); ჰუმანიტარულ მეცნიერებებში – კაპიტალის მ. (კაპიტალის მოძრაობა ერთი ეკონ. სუბიექტიდან მეორისკენ, უფრო ხშირად დარგთაშორისი ან სახელმწიფოთაშორისი), მოსახლეობის მ. (მოსახლ. გადაადგილება, რაც დაკავშირებულია საცხოვრ. ადგილის შეცვლასთან), შრომითი მ. (შრომისუნარიანი მოსახლ. გადაადგილება, დაკავშირებული მუდმივი ან დროებითი სამუშაოს ძებნასთან); ინფორმაციულ ტექნოლოგიებში – მ. თავისუფალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე (საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლა თავისუფალი ანალოგებით), სერვერების ცხელი მ. (სერვერების სისტემაში სერვერის მოცილება ან დამატება მათი გამორთვის გარეშე).

(იხ. სტ-ები: მიგრაცია მოსახლეობის, მიგრაცია ცხოველთა).

ა. სახვაძე