მიგრაცია მოსახლეობის, ადამიანთა გადაადგილება ამა თუ იმ ტერიტორიის საზღვრებს გარეთ საცხოვრებელი ადგილის გარკვეული დროით შეცვლის მიზნით. მ., თავისი ბუნებით და შინაარსით, იძულებითი პროცესია, რასაც ძირითადად განაპირობებს ადამიანის (ოჯახის, ჯგუფის) მზარდი მატერ. თუ სულიერი მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობის დონე, რის გამოც მას (მათ) უჩნდება მ-ის სურვილი და ნებაყოფლობით გადადის მუდმივად ან დროებით საცხოვრებლად სხვა ადგილზე. მშვიდობიან პირობებში მიგრანტს ნებისმიერ დროს შეუძლია დაბრუნება საკუთარ საცხოვრ. ადგილზე. შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეული მ. კი ძალისმიერია და ნებაყოფლობითი მიგრანტისგან განსხვავებით დევნილი მიგრანტი პოლიტ. გადაწყვეტილების ან ომის გარეშე ვერ დაბრუნდება სამშობლოში.
ხანგრძლივობის მიხედვით მ. არის მუდმივი და დროებითი. დროებითს მიეკუთვნება სეზონური (მოსახლ. დროებითი - სეზონური გადაადგილება მუდმივი საცხოვრ. ადგილის შეუცვლელად) და ქანქარისებური - ცირკულარული (მიგრანტის რეგულარული გადაადგილება მოკლე ვადით, მუდმივი საცხოვრ. ადგილის შეუცვლელად). ორივე სახის მ. შეიძლება განხორციელდეს როგორც გარკვეული ტერიტორიის საზღვრებს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს პროცესი შეიძლება დაკავშირებული იყოს სამუშაოსთან, სწავლასთან, კულტ.-საყოფაცხოვრებო, რეკრეაციულ და სხვა მიზნებთან. ქანქარისებური მ-ის საფუძველია შეუსაბამობა საწარმოების განლაგებასა და მოსახლ. განსახლებას შორის, რაც იწვევს მცხოვრებთა გადაადგილებას სოფლიდან ქალაქში, პატარა ქალაქიდან – დიდში. იგი ძირითადად შეინიშნება ქალაქურ აგლომერაციათა საგარეუბნო ზონებში. ქანქარისებურს ასევე მიაკუთვნებენ საზღვრისპირა მ-ას.
ტიპის მიხედვით არსებობს შიგა და გარე (საერთაშორისო) მ. მათგან პირველი ხორციელდება ქვეყნის შიგნით, მეორე კი – ქვეყნის გარეთ. საერთაშ. მ-ისას პირი გადაკვეთს ქვეყნის სახელმწ. საზღვარს. სხვა ქვეყანაში მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად შესულ პირს ეწოდება იმიგრანტი, ხოლო ქვეყნიდან გასულს – ემიგრანტი. სამართალდარღვევის გარეშე ქვეყანაში მყოფი პირი ვიზიტორად ითვლება, ხოლო სამართალდარღვევით მყოფი – არალეგალურ მიგრანტად და ექვემდებარება ქვეყნიდან დეპორტაციას.
მ. რეალიზაციის საშუალების მიხედვით იყოფა ორგანიზებულ (ახორციელებს სახელმწ. ან საზ. ორგანიზაცია) და არაორგანიზებულ (ხორციელდება ინდივიდუალურად, სპონტანურად) მ-ად. მ-ის პროცესი შეიცავს სამ სტადიას: პოტენციურ მ-ს, საკუთრივ მ-ს და მიგრანტების ადაპტაციის პროცესს. მ. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლ. დემოგრ., სოც. და ეთნ. სტრუქტურაზე, მოსახლ. განლაგებასა და განსახლებაზე. მ-ის გამომწვევი ძირითადი მიზეზები სოც.-ეკონომიკურია, თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც: პოლიტ., ეკოლ., დემოგრ., ეთნ. და ა.შ.
საქართველოს მოსახლეობის წინა საუკუნეების მ-ის ისტორია მნიშვნელოვანწილად განპირობებულია გეოგრ. მდებარეობით (სამი იმპერიის – სპარსეთის, ოსმალეთისა და რუსეთის გარემოცვით). XIX ს-მდე მ. ძირითადად არაბების, მონღოლების, ირანისა და ოსმალეთის იმპერიებთან წარმოებული ომების ფონზე ტყვეებად წაყვანილი მოსახლ. ძალისმიერ ემიგრაციასთანაა დაკავშირებული. XVIII ს. მიწურულს ყარაბაღიდან მეფე ერეკლე II-ის ნებართვით გადმოასახლეს სომხები, რ-ებიც დღესაც ცხოვრობენ სამხრ.-აღმ. საქართველოში. XIX ს-იდან რუსეთის იმპერია დაჩქარებული ტემპით უწყობდა ხელს ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის მქონეთა მიზანმიმართულ ჩასახლებას. ნ. ლავრენტიევის ცნობით, ფართო მასშტაბი ჰქონდა არაერთი რელიგ. სექტის (მაგ., სკოპცები, დუხობორები, ორმოცდაათიანელები, რასკოლნიკები, მოლოკნები და სხვ.) წარმომადგენელთა გადმოსახლებას. ჩამოსახლებულ მოლოკანთა რაოდენობამ 1902-თვის თბილ. გუბერნიაში 12,3 ათას კაცს მიაღწია. XIX ს. 20-იანი წლებიდან ჯარიდან დემობილიზებულ სკოპცებს საქართვ. სხვადასხვა ადგილებში (ყულევი, სოხუმი, მარანა და სხვ.) ტოვებდნენ საცხოვრებლად. რუსეთ-თურქეთის ომის (1828–29) შემდეგ დადებული შეთანხმებით თურქეთიდან საქართვ. სამხრ. რეგიონში ორგანიზებული იმიგრაციით გადმოასახლეს 30 ათასამდე სომეხი და 4 ათასამდე ბერძენი, ხოლო ამ რეგიონებიდან თურქეთის კონტროლირებად ტერიტ-ებზე გადაასახლეს რამდენიმე ათეული ათასი გამაჰმადიანებული ქართველი. აღნიშნულმა გარემოებამ არსებითად შეცვალა ამ რეგიონის (მესხეთ-ჯავახეთის) ეთნ. შემადგენლობა – სომხები უმრავლესობაში, ხოლო ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ.
XIX ს. 40-იანი წლებიდან, განსაკუთრებით კი 60–70-იან წლებში, მეფის რუსეთმა 30 ათასამდე აფხაზი (საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი) ძალით გადაასახლა თურქეთში. მათ ადგილას რუსებთან ერთად სხვა ეროვნებებიც ჩაასახლეს. აღნიშნულის შედეგად უკვე 1886-თვის სოხუმის ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 28,3 ათასი აფხაზი (41,2%), 34,8 ათასი ქართველი (50,6%), 1,2 ათასი რუსი (1,8%), 2,2 ათასი ბერძენი (3,1%) და 1,1 ათასი სომეხი (1,6%).
XIX ს. 60-იანი წლებიდან საქართველოში სტიქიურად დაიწყეს ჩამოსახლება ოსებმა და 1902-თვის მხოლოდ თბილ. გუბერნიაში 82,1 ათასი ოსი ცხოვრობდა, ანუ 35 წლის განმავლობაში მათი რიცხვი 2,3-ჯერ გაიზარდა. კოლონიურმა მიგრაციულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად შეცვალა საქართვ. მოსახლეობის ეთნ. შემადგენლობა. თუ 1800–1926 წწ. საქართვ. მოსახლ. 675 ათასიდან 2656 ათას კაცამდე, ანუ 4-ჯერ გაიზარდა, ქართველთა წილი ამავე პერიოდში 89,0%-იდან 67,1%-მდე შემცირდა, ხოლო 1897–1926 წწ. 3,1%-იდან 2,2%-მდე შემცირდა აფხაზთა წილი.
XIX ს. ბოლო ათწლეულში თურქეთში მომხდარი სომხ.-თურქ. კონფლიქტის შედეგად, პ. გუგუშვილის გაანგარიშებით, დაახლ. 70 ათასმა სომეხმა დევნილმა საქართვ. ქალაქებს შეაფარა თავი.
XIX ს. ბოლოსათვის ქართვ. მოსახლეობის კომპაქტური დასახლებები გაჩნდა თანამედროვე სოჭის ტერიტორიაზე. პავლე ინგოროყვას ცნობით, 1916 სოჭის მოსახლეობის 1/5 ქართვ. იყო.
1921–39 საქართვ. დიდი ქალაქების სწრაფმა განვითარებამ ხელი შეუწყო საბჭ. კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან ორგანიზებულ იმიგრაციას. 1926–40 საქართველოში ყოველწლიურად ჩამოსახლებულ მიგრანტთა საშ. წლ. რაოდენობა დაახლ. 16000 კაცს გაუტოლდა. მოსახლ. ასეთი მაღალი საშ. წლ. ზრდა (2,37%) საქართველოში არასდროს დაფიქსირებულა. II მსოფლიო ომის დროს საქართველოში 10000 კაცზე მეტის ევაკუაცია მოხდა ჩრდ. კავკასიიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და გერმანელთა მიერ ოკუპირებული სხვა ტერიტორიებიდან. 1944 სამცხე-ჯავახეთიდან მოხდა ე. წ. „თურქი მესხების“ (მაჰმადიანი მესხები) დეპორტაცია აზერბაიჯანსა და შუა აზიის რესპუბლიკებში. მათი საერთო რაოდენობა ქართვ. მკვლევართა შეფასებით 90 –240 ათასი კაცი იყო.
II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში პატარა და საშ. ქალაქების განვითარებამ გამოიწვია მოსახლ. მ. სოფლიდან ქალაქად. მასობრივი მ-ით გამოწვეული დეპოპულაციის შედეგად 2014-თვის 223 სოფელი გაუკაცრიელდა, რამაც სოფლის დასახლებების რაოდენობის 6% შეადგინა.
არსებული ორგანიზებული იმიგრაციის ფონზე XX ს. 50-იანი წლების ბოლოდან ყამირის ასათვისებლად საქართველოდან ყაზახეთში განხორციელდა შრომითი ემიგრაცია. ე. წ. კომკავშირული საგზურებით შემდგომ წლებში საბჭ. კავშირის სხვადასხვა რ-ნში იგზავნებოდნენ ახალგაზრდები. ამ „უწყინარი“ ორგანიზებული სეზონური მ-ისას ზოგიერთმა იქ შექმნა ოჯახი და სამუდამოდ დარჩა საცხოვრებლად. 80-იანი წლების ბოლოს შორეული აღმოსავლეთის ასათვისებლად ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მშენებლობისას დაარსდა ქალაქის ტიპის ქართ. დასახლება – ნია-გრუზინსკაია.
1957-იდან მ-ის დადებითი სალდო უარყოფითმა შეცვალა და დაიწყო ემიგრაციის ერა, რ-იც დღემდე გრძელდება.
XX ს. 60-იანი წლების ბოლოდან საქართველოდან აღინიშნა რესპუბლიკათშორისი არაორგანიზებული მ. დაბალი სოც. ფენის მოსახლეობამ „გრძელი მანეთის“ მოსაპოვებლად ე. წ. „შაბაშნიკობის“ ფორმით დაიწყო დროებითი ემიგრაცია რუსეთსა და სხვა რესპუბლიკებში. 1989-თვის საქართველოში მცხოვრებთა 93,1% საკუთარ სამშობლოში, ხოლო 6,7% სხვა რესპუბლიკაში იყო დაბადებული, რაც ქართველთა დაბალ მიგრაციულ ქცევაზე მეტყველებდა, თუმცა მომდევნო პერიოდში მიგრაციული ქცევა შეიცვალა და მხოლოდ 1960–88 წლებში უარყოფითმა სალდომ 421,1 ათასი კაცი შეადგინა.
1921–92 საქართვ. მოსახლეობა 2411 ათასიდან 5467,4 ათას კაცამდე ანუ 2,2-ჯერ გაიზარდა, რაც დღეისათვის საქართვ. მოსახლეობის რაოდენობის ისტ. მაქსიმუმია.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოდან სხვა ქვეყნებში მ-მ ინტენს. ხასიათი მიიღო, რაც ძირითადად განაპირობა სამმა ფაქტორმა: პირველი იყო ეთნ. მ., როდესაც სსრკ-ის დაშლის შემდეგ თავიანთ ისტ. სამშობლოს დაუბრუნდა საქართველოში მცხოვრები ათეულათასობით რუსი, უკრაინელი, ბერძენი, ებრაელი და სხვა ეროვნების წარმომადგენლები; მეორე – ეთნ. კონფლიქტების შედეგად დაკარგული ტერიტორიებიდან დევნილთა დიდი რაოდენობის უცხოეთში ემიგრაცია და მესამე XX ს. 90-იან ამ წლების ეკონ. კოლაფსი საქართველოში. ამპერიოდში საქართვ. მოსახლეობამ გარე მ-ის შედეგად გაცილებით მეტი დანაკლისი განიცადა, ვიდრე წინა 30-წლიან (1960–90) პერიოდში. 1990–2000 წწ-ში გარე მ-ის გამო, მოსახლ. რაოდენობა 19%-მდე (1026 ათასი კაცი) შემცირდა, ანუ ქვეყნიდან წავიდა თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი (მათგან 72 % – რუსეთში). 2023- თვის რეპროდუქციული და შრომისუნარიანი ასაკის მოსახლ. წილი (85%) ემიგრანტებში 2-ჯერ და მეტად აღემატება მათსავე წილს ქვეყნის მთელ მოსახლეობაში (41%). რამდენადაც არაავტოქთონური (არაძირძველი, ამ შემთხვევაში არაქართველი) მოსახლეობის ემიგრაცია 2-ჯერ აღემატებოდა ქართველებისას, 2014 მოსახლეობის აღწერის თანახმად ქართველთა წილი საქართვ. მოსახლეობაში 69,7-იდან 86,8 %-მდე გაიზარდა. მთელ პოსტკომუნისტურ პერიოდში მ-ის უარყოფითმა სალდომ -20,3 პრომილე შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ბუნებრივია, არსებითი გავლენა იქონია მოსახლ. შემცირებაზე, რ-ის რაოდენობა 2022-თვის ისტ. მინიმუმამდე (3688,6 ათასი კაცი) დავიდა, თუმცა საქართვ. მოქალაქეთა მ-ის უარყოფით სალდოსთან შედარებით უცხო ქვეყნების მოქალაქეთა იმიგრაციის დადებით სალდოს შედეგად 2023_თვის 47,6 ათასით ისევ გაიზარდა და 3736,4 ათასი კაცი შეადგინა. გასათვალისწინებელია, რომ 2012–21 საქართვ. მოქალაქეთა მ-ის უარყოფითი სალდოს ფონზე სხვა ქვეყნის მოქალაქეთა მ-ის დადებითი სალდო მაღალი ემიგრაციისა და მიგრაციული პოტენციალის მქონე მცირერიცხოვანი ერის ეროვნ. თვითმყოფადობის შენარჩუნების თვალსაზრისით ყურადსაღებია (იხ. ცხრილი). შესაბამისად, მ. და საერთოდ ქვეყნის დემოგრ. განვითარება ბევრად იქნება დამოკიდებული ქვეყნის სოც.-ეკონ. განვითარების დონესა და გატარებულ სოც.-დემოგრ. პოლიტიკაზე.
საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეთა მიგრაციული სალდო 2012–2021 წლებში (ათასი კაცი)
წლები |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
2019 |
2020 |
2021 |
2022 |
2923 |
სულ |
-21,521 |
-2,606 |
-6,543 |
-3,408 |
-8,060 |
-2,212 |
-0,783 |
-8,234 |
-5,732 |
-25,966 |
54,609 |
39,207 |
საქართველოს მოქალაქეები |
-31,134 |
-20,723 |
-20,149 |
-6,528 |
-17,619 |
-8,926 |
-8,484 |
-7,500 |
3,319 |
-40,825 |
-46,397 |
71,584 |
უცხო ქვეყნის მოქალაქეები |
9,613 |
18,117 |
13,606 |
13,120 |
9,559 |
16,714 |
17,701 |
19,257 |
-7,587 |
14,859 |
100,906 |
32,377 |
ცხრილი შედგენილია საქსტატის მონაცემების საფუძველზე.
ლიტ.: ანთაძე კ., საქართველოს მოსახლეობა XIX საუკუნეში, თბ., 1973; გაჩეჩილაძე რ., მოსახლეობის მიგრაცია საქართველოში და მისი სოციალურ-პოლიტიკური შედეგები, თბ., 1997; გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX სს. მონოგრაფიები, ტ 1., თბ., 1949; სულაბერიძე ა., საქართველოს მოსახლეობის მიგრაციული პროცესების ისტორიული პერიოდიზაცია, კრ. მოსახლეობის მიგრაციის აქტუალური პრობლემები საქართველოში, თბ., 2018., ტუხაშვილი მ., რუსების ჩამოსახლება და ემიგრაცია საქართველოდან, «მიგრაცია», 2009, #3; Джаошвили В., Население Грузии, Тб., 1968; Дзидзария Г., Народное хозяйство и социальные отношения в Абхазии в XIX веке, Сухуми, 1958; Sulaberidze A., Distorted Migration Temps: Cui Bono?, «of Social, Political and Economic Studies», Vol. 2, Issue 1, 2008.
ა. სულაბერიძე