მიგრაცია ცხოველთა

მიგრაცია ცხოველთა, ცხოველთა გადაადგილება, რ-იც გამოწვეულია საარსებო პირობების შეცვლით ან დაკავშირებულია მათი განვითარების ციკლთან. პირველი შეიძლება იყოს რეგულარული (სეზონური, დღეღამური) ან არარეგულარული (გვალვის, ხანძრის, წყალდიდობისა და სხვა შემთხვევაში); მეორე ხელს უწყობს სახეობის განსახლებას და შეიძლება დაემთხვეს ლარვულ სტადიას (ასციდიებში, მარჯნებში, ღრუბლებში) ან სქესობრივი მომწიფების პერიოდს (ცხოველთა უმრავლესობაში); რეგულარული მ-ები ხორციელდება მეტ-ნაკლებად განსაზღვრული გზით. არარეგულარული მ. და განსახლება კი ხშირად ქაოსურია, მ. შეიძლება მიმდინარეობდეს ჰორიზონტალურად (ხმელეთზე და წყალში) და ვერტიკალურად (მთებში, ნიადაგში, წყალში, მცენარეულ საფარში, აქტიურად და პასიურად). მ-ს შეისწავლიან ცხოველთა ნიშანდების, ფრინველთა დარგოლვის და სხვა გზით. ასეთი შესწავლა აუცილებელია მრავალი სახეობის თევზისა და ნადირ-ფრინველის წარმატებით რეწვისათვის, აგრეთვე მავნებლებთან (მაგ.: გადამფრენ კალიასთან, მღრღნელებთან) ბრძოლისათვის.