მიზანდარი ალოიზ იოსების ძე

მიზანდარი ალოიზ იოსების ძე (1. IX. 1837, გორი, - 1. VI. 1912, თბილისი), პირველი ქართველი პროფესიონალი პიანისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი, ქართული საფორტეპიანო საშემსრულებლო სკოლის ფუძემდებელი, პირველი ქართული სიმფონიური პარტიტურის ავტორი, საზ. მოღვაწე. 1847-54 თბილისში ფორტეპიანოს კერძო გაკვეთილებს იღებდა პოლონელ პედ. ლ. იანიშევსკისთან. 1855-63 სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის უნ-ტის აღმ. ენების ფაკ-ტზე. მონაწილეობდა კონცერტებში პ. ჩაიკოვსკისთან და მ. ბალაკირევთან ერთად, ასევე - ა. რუბინშტეინის მიერ გამართულ საქველმოქმედო კონცერტში, რ-ის შემოსავალი გადაირიცხა სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიის დაარსების ფონდში. 1865-67 ცხოვრობდა პარიზში, ვენაში, სადაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ფ. ლისტთან, ი. ბრამსთან, ჯ. როსინისთან. კონცერტებს მართავდა სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში, ვენაში, პარიზში. 1863 პირველი კონცერტი გამართა თბილისში. 1873 იქვე დააარსა (ხ. სავანელსა და კ. ალიხანოვთან ერთად) საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში პირველი სამუსიკო სკოლა, სადაც ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1886 სკოლა გადაკეთდა სამუსიკო სასწავლებლად, ხოლო 1917 - სახელმწ. კონსერვატორიად. მ-ის მოწაფეები იყვნენ ქართ. საფორტეპიანო საშემსრულებლო და პედ. სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ა. თულაშვილი, ასევე ე. ჩერნიავსკაია, თ. ჩხარტიშვილი და სხვ. მ-ის საგვარეულო ნივთები და "ბეკერის" ფირმის როიალი დაცულია თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის მუზეუმში. მ-ის სახელი ეწოდა თბილ. #1 ხელოვნების სკოლას. მ-ს ეკუთვნის საფორტეპიანო პიესები: "წუთიერი ფიქრები ჩემი მეგობრისთვის" (ქართ. საფორტეპიანო მუს. პირველი ნიმუში. პიესას აკლდა ბოლო 9 ტაქტის მარცხ. ხელის პარტია, რ-იც დაასრულა მ-ის შთამომავალმა, კომპოზიტორმა ლ. მიზანდარმა), "ორი პატარა ვალსი", "აღმოსავლური მელოდია", "ლეკური" (1870), "მაზურკა-ფანტაზია" (1880), "მოგონება აბასთუმანზე" (1892); რომანსები: "დავშორდით ჩვენ" (პირველი ქართ. ნაბეჭდი მუს. ნაწარმოები. 1863), საორკესტრო "ტიფლის-პოლკა" (პირველი ქართ. საორკესტრო პარტიტურა, 1867. შემორჩენილი პარტიტურის 4 გვერდის და 17 საორკესტრო პარტიის საფუძველზე აღადგინა კომპ. ლ. მიზანდარმა).

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტ.: გიორგაძე ნ., ალოიზ მიზანდარი, თბ., 1969; ვაჩნაძე მ., "ნარკვევები ქართ. საფორტეპიანო მუსიკის ისტორიიდან", თბ., 1973; თულაშვილი ა. ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელი ალოიზ მიზანდარი, "საბჭოთა ხელოვნება", 1954, №5; მიზანდარი ლ., მიზანდარი, თბ., 2011; მისივე, ყველაფერი ასე დაიწყო... (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შექმნის ისტორიიდან), "მუსიკა" 2017, №2; საიუბილეო კონცერტების ციკლი, "მუსიკა", 2020, №1; ncyklopedyja Powszechna, т. 13, Warsh., 1863.                                      

ლ. მიზანდარი