მიზანდარი ვალერიან ფელიქსის ძე

მიზანდარი ვალერიან ფელიქსის ძე (21. IV. 1894, ქუთაისი, - 8. VI. 1926, თბილისი), დირიჟორი. სწავლობდა თბილ. ვაჟთა პირველ გიმნაზიაში. შემდგომ, ზ. ფალიაშვილის რჩევით სწავლა თბილ. მუს. სასწავლებელში განაგრძო. სადირიჟორო პულტთან ჩვიდმეტი წლის ასაკში დადგა. 1917-იდან მ. მსახურობდა თბილ. კადეტთა კორპუსის I და II ცხენოსანთა პოლკში. მან პირველმა იმავე წელს ჩამოაყალიბა 65 კაცისგან შემდგარი სამხედრო-სასულე ორკესტრი, რ-საც 1918 სახალხო გვარდიის სამხედრო-სასულე ორკესტრი ეწოდა. 1919-იდან იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი. მიუხედავად იმისა, რომ 1922 მან მხედველობა დაკარგა, 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ორკეტრსა ამის გამო მას "ბრმა დირიჟორი" უწოდეს. მ-ს დიდი წვლილი მიუძღვის პროფესიონალი მომღერლებისა და მუსიკოსების აღზრდაში. იყო ე. მიქელაძის პედაგოგი, რ-საც სწავლის დროს ხშირად აძლევდა ორკესტრის დირიჟორობის საშუალებას. მ-ის რეპერტუარიდან აღსანიშნავია: ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე", ჯ. ვერდის "რიგოლეტო", "აიდა", "ტრავიატა", "ტრუბადური", ჟ. ბიზეს "კარმენი", "მარგალიტის მაძიებლები", პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი". მ-მა თბილ. ოპერისა და ბალეტის სასულე ორკესტრისათვის გადაამუშავა მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერის" ნაწყვეტები, კ. ფოცხვერაშვილის "მგზავრული" და "მხედრული".

თ. დოლიძე