მიზეზობრიობა

მიზეზობრიობა, კაუზალობა (სიტყვიდან ცაუსალის – მიზეზობრივი ან ცაუსა - მიზეზი), მიზეზსა და შედეგს შორის კავშირი. ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართებაა სინამდვილის მოვლენებს შორის, რ-იც ყოველთვის იყო ფილოს. აზროვნების დიდი ინტერესის საგანი. აღსანიშნავია, რომ მიზეზობრივი კავშირის შესახებ წარმოდგენა გაჩნდა საკაცობრიო აზროვნების საწყისიდანვე. ამრიგად, მ-ის პრობლემა ახალი არ არის ფილოსოფიისათვის: ჯერ კიდევ ლევკიპე და დემოკრიტე აღნიშნავდნენ, რომ სამყაროში არაფერი ხდება უმიზეზოდ, ხოლო არისტოტელეს აზრით, მიზეზები აუცილებლად შესასწავლია, რადგან „სიბრძნე რაღაც საწყისებისა და მიზეზების ცოდნაა“. ყოველი მეცნიერება, არისტოტელეს კლასიკური განმარტებით, არის პასუხი კითხვაზე: რატომ? რატომ მოხდა ესა თუ ის მოვლენა/ხდომილება, გვეცოდინება მაშინ, როცა პასუხს გავცემთ ამ კითხვას. ცოდნაც მაშინ გვაქვს, როდესაც რაიმეს წარმოშობის მიზეზი ვიცით. მაშასადამე, არისტოტელეს მიხედვით, ჩვენ ვერ გვექნება ჭეშმარიტების ფლობაზე პრეტენზია, თუკი არ გვეცოდინება მიზეზები. მ-ის პრობლემას ქართ. ფილოსოფიაში სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავდნენ იოანე პეტრიწი, ანტონ პირველი, იონა ხელაშვილი, ს. დოდაშვილი, გაბრიელ ქიქოძე, შ. ნუცუბიძე, დ. უზნაძე, ს. დანელია, მ. გოგიბერიძე, კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი, გ. ბაჩულაშვილი, გ. მაჩიტაძე, ვ. მეიფარიანი, ს. ავალიანი, მ. ბაკურია, ვ. ერქომაიშვილი, ნ. ნათაძე, თ. ბუაჩიძე, გ. თევზაძე და სხვ.

ლიტ.: ბაკურია, მ. ბუაჩიძე, თ. ერქომაიშვილი, ვ. თანაფარდობითი კატეგორიები: თბ., 1993; მეიფარიანი, ვ., მიზეზობრიობის პრობლემა ფიზიკაში და მისი ფილოსოფიური საფუძვლები, თბ., 1972; ნათაძე, ნ., მიზეზობრიობა და თავისუფლება, თბ., 1983.

თ. ირემაძე