"მიზითხი", 1. ტყისა და ნადირობის ღმერთი; 2. წარმართული ხანის ხალხ. რიტუალური ცეკვა. გავრცელებული იყო აფხაზეთში. ცეკვავდნენ გაზაფხულის პირველი ყვავილობის დღესასწაულზე, ეძღვნებოდა მიზითხს - ტყისა და ნადირობის ღვთაებას, რ-საც აფხაზები ეძახდნენ მეზითჰა/მეზიხუუს (იგივეა რაც ადიღეელთა მეზითხა/მზეგუაში - ამინდისა და ნაყოფიერების ქალღვთაება; ენათესავება ქართ. მზექალს). ყოველწლიურად, დღესასწაულის წინა ღამეს, ხალხი სიმღერითა და თოფის სროლით გადიოდა ტყეში. მზის ამოსვლის შემდეგ კი ბრუნდებოდნენ ყვავილებით მორთულ სოფელში. წინ მუხის ფოთლების გვირგვინით შემკული მოხუცი ქალები მოუძღოდნენ. ყვავილებს მ-ის სამსხვერპლოს კვარცხლბეკზე აწყობდნენ. იმართებოდა ჯირითი, ყაბახი (ძვ. ხალხ. ცხენოსნური თამაში). გამარჯვებულს უფლება ჰქონდა კვარცხლბეკიდან ერთი ყვავილი აეღო და ეცეკვა ყვავილის მომტან ქალთან.
ლიტ.: ანთელავა ნ., კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები, თბ., 2017; ცინცაძე ა., საქართველო-ადიღეს ურთიერთობების ისტორიიდან, თბ., 1982.