მითაიშვილი ლილიანა ირაკლის ასული

მითაიშვილი ლილიანა ირაკლის ასული (დ. 17. IX. 1937, თბილისი), ბალეტის მოცეკვავე. პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1972). 1954 დაამთავრა თბილ. ქორეოგრ. სასწავლებელი (პედაგოგები: მ. გრიშკევიჩი, ვ. ჭაბუკიანი). 1954_79 იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი, 1975-81 - ქორეოგრ. სასწავლებლის პედაგოგი, 1979-იდან - თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის, 1983-84 კი - ულან-ბატორის თეატრის რეპეტიტორი. შესრულებული აქვს მრავალი წამყვანი პარტია: მანიჟე (ა. ბალანჩივაძე, "მთების გული"), ჯავარა (დ. თორაძე, "გორდა"), ლაურენსია (ა. კრეინი, "ლაურენსია"), ემილია, დეზდემონა, (ა. მაჭავარიანი, "ოტელო"), ჯულიეტა, ოდეტა-ოდილია, მაშა, ავრორა (პ. ჩაიკოვსკი, "რომეო და ჯულიეტა", "გედების ტბა", "მაკნატუნა", "მძინარე მზეთუნახავი"), ჟიზელი (ა. ადანი, "ჟიზელი"), ჩელიტა (ლ. მინკუსი, "დონ კიხოტი") ლაურეანსია (ა. კრეინის "ლაურეანსია") და სხვ. ემილიას პარტია შეასრულა ა. მაჭავარიანის ფილმ-ბალეტი "ოტელოში" (რეჟ. და სცენარის ავტორი. ვ. ჭაბუკიანი, 1961). მ-ის შესრულებისთვის დამახასიათებელია ექსპრესიულობა, ტემპერამენტი, ტექნიკურად რთული პასაჟების სიმსუბუქე. მ-ის მოწაფეები იყვნენ: ქ. მუხაშავრია, ლ. ჩხიკვიშვილი, დ. და ლ. ხოზაშვილები და სხვ. მ. არის ბალეტის მსახიობთა მოსკ. I კონკურსის ლაურეატი (ოქროს მედალი, 1957), მონაწილეობდა მოსკ. VI მსოფლიო ფესტივალში. მიღებული აქვს კამბოჯის სამეფოს მთავრობის საპატიო ორდენი (1965) და საქართვ. ღირსების ორდენი (1997).

ლიტ.: ბარამიძე ბ., ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი, თბ., 2023; გუნია ნ., ლილიანა მითაიშვილი, "თეატრალური მოამბე", 1976, #2; ნადარეიშვილი ლ., ქართული ბალეტი, თბ., 2010.