მითანი, მ ა ი თ ა ნ ი (Mitani, Maitani), ძველი სამეფო ჩრდილოეთ შუამდინარეთში, მდ-ების ბელიხისა და ხაბურის ველებზე, აგრეთვე მდ. ტიგროსის ზემო დინების რ-ნში. ეგვიპტურ იეროგლიფურ წყაროებში იხსენიება ნაჰარინის (ორმდინარეთის) სახელწოდებით. დედაქალაქი _ ვაშუქანი. მოსახლეობის ძირითად ნაწილს ხურიტები შეადგენდნენ, ცხოვრობდნენ სემიტებიც. ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ-ში მ-ს ტერიტორიაზე სავარაუდოდ შეიჭრა უმნიშვნელო არიული ეთნ. ელემენტი, რ-ის კვალი შემორჩა ღვთაებათა და პირთა, კერძოდ, მეფეთა სახელებში, მეცხენეობასთან დაკავშირებულ ტერმინებში. ძვ. წ. XVI ს. მიწურულისათვის დამთავრდა ხურის ტომთა კონსოლიდაციის პროცესი და ჩამოყალიბდა მ-ს სამეფო.
მ-ს ადრინდ. მეფეები დაპყრობით ომებს აწარმოებდნენ ჩრდ. სირიაში, აგრეთვე ევფრატის დას-ით მდებარე სხვა რ-ნშიც. ჩრდ. სირიის სამთავროებისათვის ბრძოლაში მ. ეგვიპტესა და ხეთებს უწევდა მეტოქეობას. მ-ს სახელმწიფომ ძლიერების ზენიტს მიაღწია თუშრათას მეფობის დროს. ამ პერიოდში მ-ს ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ ჩრდ. სირიის წვრილი სამთავროები, ასურეთი და ჩრდ. მესოპოტამიის ზოგიერთი ოლქი, მაგრამ ხეთების მეფე სუფილულიუმ I-მა ბოლო მოუღო მ-ს სამხ. ძლიერებას, აიღო და დაანგრია ვაშუქანი. ასურეთის მეფე ასურუბალიტ I-მა ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით, შეიჭრა მ-ში და დაამარცხა მითანელები. ძვ. წ. XIV ს. მიწურულიდან მ. ასურეთის პოლიტ. გავლენის სფეროში მოექცა. მისი ტერიტ. დაიყო რამდენიმე პოლიტ. გაერთიანებად. მოგვიანებით მ-ს დაეპატრონენ არამეული წარმოშობის ტომები, რ-ებიც ადგილ. მოსახლეობას შეერივნენ. ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით, სახელწ. მ. (მაითანი) შემორჩა ჰეროდოტეს მიერ ნახსენებ "მატიენთა" ტომის სახელში. შუა ბრინჯაოს ხანაში, რ-იც ძირითადად ძვ. წ. II ათასწლ. I ნახევრით თარიღდება, ქართულ ტომებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ სამხრეთში არსებული დიდი სახელმწიფოების - მ-სა და ხეთების სამეფოების მოსახლეობასთან.
ლიტ.: გიორგაძე გ., უძველესი ახლო აღმოსავლური ეთნოსები და ქართველთა წარმომავლობა, თბ., 2002; მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი გ., საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ., 1965; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971; Д ь я к о н о в И, М., Урартские письма и документы, М. – Л., 1963.
გ. გიორგაძე