მითი ლიტერატურაში

მითი ლიტერატურაში, ხალხთა კოლექტიური ფანტაზიის ქმნილება, რ-იც განზოგადებულად ასახავს სინამდვილეს გრძნობადკონკრეტული პერსონიფიკაციისა და სულიერი არსების სახით. მითოლოგია სინამდვილეს ხატოვანი ფორმით გადმოსცემს. იგი ახლოს დგას მხატვრულ ლიტ-რასთან. მ-ისა და ლიტ-რის ურთიერთობა 3 საკითხს გულისხმობს: 1) მ-ისა და ლიტ-რის წარმოშობა; 2) მ. ლიტ-რაში; 3) მითოსური და ლიტ. აზროვნება. პირველი საკითხი მოიცავს შუასაუკუნეებამდელ მწერლობებს - შუმერულს, ინდურს, ებრაულს, ბერძნულს, რომაულს და სხვ. შუა საუკუნეების მწერლობა (მ. შ. ქართული) თავდაპირველად უშუალოდ მ-იდან არ მომდინარეობდა. ქართ. მითოლ. სინამდვილე ქართულზე ადრე სხვა მწერლობაში აისახა (მიჯაჭვული პრომეთე, არგონავტიკა). ძვ. ბერძნ. ლიტ-რა მითოლოგიურ მხატვრულ აზროვნებას ეფუძნებოდა. იგი დიდად განსხვავდებოდა ბიბლიის მითოლ. წარმოდგენებისაგან.

ქართ. მწერლობაში მითოსური სინამდვილის ასახვა შუა საუკუნეებიდან დაიწყო. უარყოფილი იყო მ-ის თავისთავადი მნიშვნელობით გამოყენება. ამასთანავე, ცნობილი გახდა ბასილი კესარიელის (IV ს.) მიერ ჩამოყალიბებული ანტ. მითოლოგიის სიმბოლური გააზრების პრინციპები, რ-ებიც ბიზანტ. მწერლობაში ვრცელდებოდა. ამ პრინციპების მხატვრული რეალიზაცია იყო ქართულად თარგმნილი ბიზანტ. თხზულებანი: "ფიზიოლოგოსი" - ("სახისმეტყველი") და ეფრემ მცირის მიერ გადმოღებული "ელინთა ზღაპრობანი".

ქართ. ჰაგიოგრაფიაში ("წმინდა ევსტათი მცხეთელის მარტვილობა", "წმ. ნინოს ცხოვრება") აირეკლა ქართ.-სპარს. მითოლ. წარმოდგენები. იგი მიზნად ისახავდა წარმართული პანთეონის (მნათობთა და არმაზის კულტის) განქიქებასა და ტრანსცენდენტული ღვთაების დამკვიდრებას.

ადამიანთა იდეალიზაციის ახალმა (არაჰაგიოგრაფიულმა) პრინციპებმა მითოსური გმირობის (ძვ. ბერძნულის, ქართულის, სპარსულის...) ნიშან-თვისებათა გამოყენების საშუალება შექმნა. ეს ტენდენცია თავდაპირველად საისტ. თხზულებაში გამომჟღავნდა (ლეონტი მროველი, ჯუანშერი, დავითისა და თამარის ისტორიკოსები). დაიწყო იდეალიზაციის ზოგადი პრინციპების (მ. შ. დროისა და გარემოს) მითოლოგიზაცია, ზებუნებრიობის მითოლ. ნიშნების გამოყენება; უშუალოდ მითოლ. სახეები კი უარყოფით პერსონაჟებად გვევლინებიან. ასეა ქართ. სარაინდო რომან "ამირანდარეჯანიანსა" და თვით "ვეფხისტყაოსანშიც". დას. ევროპის კურტუაზიულ რომანში მითოლოგია გაცილებით ქრისტიანიზებულია (წმ. გრაალის ციკლი და სხვ.).

ქართ. მწერლობაში, კლასიციზმის ელემენტების არსებობის მიუხედავად, გმირთა იდეალიზაციის ანტ. იდეალი არ დამკვიდრდა. "მართლის თქმის" პრინციპმა (არჩილის სკოლა), გამონაგონის უარყოფამ "ზღაპრობათა" უარყოფა მოითხოვა.

ქართ. რომანტიზმი განსხვავდება დას. ევრ. და რუს. რომანტიზმი-საგან მითოლოგიის გამოყენებით. აქ კლასიკურ-ანტიკური სახეები თითქმის არ ჩანს. დემონოლოგიის ანგელოლოგიით შეცვლის რომანტ. ტენდენცია მჟღავნდება ბიბლ. იერსახით წარმოდგენებში.

რეალიზმი ნაკლებად ამჟღავნებს მითოლოგიისადმი მხატვრულ-შემოქმედებით ინტერესებს. დროისა და გარემოს მითოლოგიზაციას ცვლის ხასიათთა სოც. ტიპიზაცია შესატყვის სოც. გარემოში. მითოლოგიურ სახეთა გამოყენება არ სცილდება მარტივ ანალოგებს (მიჯაჭვული ამირანი - საქართველო). გამონაკლისია ვაჟა-ფშაველა, რ-მაც ქართ. მითოლოგიის უდიდესი ესთეტიკური პოტენციალი გამოავლინა. მისთვის სინამდვილის ესთეტიზაციის უმთავრესი გზა მითოლოგიზაციის გზაა.

XX ს-ში შეინიშნება მხატვრული აზროვნების მითოლოგიზაციის მძლავრი ტენდენცია; შეიქმნა აზრი, რ-ის თანახმად მხატვრული აზროვნება, საერთოდ, მითის ქმნადობას გაუთანაბრდა (ე. კასირერი). მითოლოგიზაცია შეეხო არა მარტო ასახვის საგანს, არამედ აზროვნების წესსაც (ა. ფრანსი, თ. მანი, ჯ. ჯოისი, ფ. კაფკა...). მითოლოგიისკენ სწრაფვა აღინიშნა თანამედროვე ქართ. ლიტ-რაშიც (ვ. ბარნოვი, გრ. რობაქიძე, კ. გამსახურდია, ნ. წულეისკირი, ჭ. ამირეჯიბი, ო. ჭილაძე, გ. დოჩანაშვილი, დ. ანფიმიადი, რ. ინანიშვილი, გ. ჩოხელი, ო. ჩხეიძე...).

ლიტ.: გაწერელია ა., ვაჟა-ფშაველა და ქართული მითოსი, წგ.: ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული, თბ., 1966; კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბ., 2018; სირაძე რ., ქართული მითოლოგიური ესთეტიკიდან, "საბჭოთა ხელოვნება", 1977, #10; სიხარულიძე ქ., კავკასიური მითოლოგია, თბ., 2006; ჩიქოვანი მ., ვეფხისტყაოსნის მითოლოგია, "საბჭოთა ხელოვნება", 1961, #11; მისივე, ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, თბ., 1971; ჩხენკელი თ., ტრაგიკული ნიღბები, თბ., 1971.

რ. სირაძე