მითოლოგია (ბერძნ. Μυθολογία ≤ Mythos – ამბავი, თქმულება). 1. არქაული და ტრადიციული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი წარმოდგენები სამყაროს შექმნის, დროისა და სივრცის, ბუნებისა და საზ-ბის კანონზომიერების, ლეგენდარული გმირების შესახებ, რ-ებიც ჩამოყალიბდა ზეპირსიტყვიერი სიუჟეტების სახით წინაისტორიულ დროში. მ. ისეთივე ძველია, როგორც მეტყველება და ხატოვანი დამწერლობა. ის, როგორც ღვთაებრივთან ურთიერთობის ფორმა, რელიგიურ განზომილებად განიხილებოდა და სახელმწიფოებრიობის პირველი ფორმების ჩამოყალიბებისთანავე რელიგიურ სისტემებს, კულტმსახურებას შეერწყა.
2. მეცნიერება, რ-იც შეისწავლის მითებს, მათი აღმოცენება-ჩამოყალიბების პროცესს, გააზრებისა და შეცნობის გზას ადამიანთა მთელი ისტორიის განმავლობაში. ემპირიული ცოდნის განზოგადების შედეგად მითის საშუალებით უძველესი საზ-ბები აყალიბებდნენ თავიანთ თვალსაზრისს გარემომცველ სამყაროზე, საზ-ბაში მოქმედ ძალებსა და კანონზომიერებების შესახებ. მითები ჩამოყალიბდა იმ დროს, როცა მოვლენათა შორის არსებულ კავშირებს ხსნიდნენ ირეალური, ირაციონალური გზით. საპირისპიროდ პოზიტიური აზროვნებისა, მითი წარმოაჩენს სამყაროს იდეალურ მოდელს, სამყაროს ნიმუშს, სადაც ერთმანეთს თანხვდება რეალური და წარმოსახვითი: "მითი სამყაროში არსებობის მოდელია" (მ. ელიადე). მითოლ. აზროვნების მთავარი მახასიათებელი დროის უკუშექცევადობის პრინციპია; ისტ. ფაქტისაგან განსხვავებით, რ-იც ერთჯერადი აქტია, მითოლ. ფაქტი პერიოდულად მეორდება მისი მოხდენის ყოველ სწორს. მითოლ. აზროვნებით, ყოველი მოვლენა არქეტიპის (პირველსახის) გამოვლენაა. აქ დრო "შებრუნებულია"; აწმყოში, აქ და ამჟამად, მეორდება ღვთაებრივი მოქმედება-კოსმოგონია. მ. საკრალური ისტორიაა, რ-იც ინახავს და იმეორებს შესაქმის საიდუმლოს. მ-ის უნივერსალური ნიშანია ცენტრისა და პერიფერიის იდეა [სამყაროს ჭიპი - ცენტრი, მასზე აღმართული კოსმიური (მარადიული) ღერძით]; სამყაროს (ცისა და მიწის, ხილულისა და უხილავის) მთლიანობის მოდელი, სამყაროში (ზესკნელი, გარესკნელი, ქვესკნელი) კომუნიკაციის საშუალება. ქართ. მ-ში კოსმიური ღერძის ნაირსახეობებია: წმინდა ხეები, დედაბოძი, კერა, მთა, კოშკი, ხარისა და ირმის რქები, ქვის სვეტები (მონოლითები), ხატის დროშები და სხვ. საკრალური ცენტრისა და მასზე გამავალი სიცოცხლის ხის (იგივე ჯვარი) იდეა გამოსჭვივის საქორწინო თუ დაკრძალვის რიტუალებში, სხვადასხვა კალენდარულ წეს-ჩვეულებაში, ჯვარ-ხატების (სალოცავების) დაარსებასთან დაკავშირებულ გადმოცემებში. სამყაროსეული სკნელების კვეთის ადგილი - ცენტრი - ღირებულებათა თავმოყრის ადგილიცაა: წმინდა-უწმინდური, სააქაო-საიქიო, სამზეო-შავეთი, შინა-გარე, ავი–კარგი, ცოდო-მადლი, რაც სივრცეს, მასში განლაგებულ საგნებს სიმბოლურ, ნიშნად მნიშვნელობას ანიჭებს.
მითის განვითარება ისტ. პროცესია; მასში სხვადასხვა ისტ. ეპოქის დანაშრევები, ლეგენდად ქცეული ისტ. პერსონაჟებია შემონახული. მაგ., ხალხ. თქმულებები ვახტანგ გორგასალზე: თამარ მეფეზე, ერეკლე მეფეზე. "მითად გადაქცევა მართლისა წინაპრისა მთელს ქვეყნიერობაზედ შემჩნეულია" (ი. ჭავჭავაძე). აღმ. საქართვ. მთამ ბოლო დრომდე შემოინახა ხატისა და თემისათვის თავდადებულ გმირთა ("პიროფლიანთა") "გახატების" ("ნახორცივლარი"), ღვთაებად ქცევის ტრადიცია [იაღსარი (იახსარი), კოპალა, ბერი ბაადური და სხვ.]. ისტ. მოვლენებს უკავშირდება ხალხ. საწესო-მითოლოგიური სანახაობა "ყეენობა", რ-იც ქვეცნობიერად შესაქმისეულ პირველსახეს (ქაოსიდან მოწესრიგებული სამყაროს შექმნა) იმეორებდა. ეკოლოგია და სამეურნეო საქმიანობაც თავის დაღს ასვამს მითს. ძველი მიწათმოქმედი ხალხების, მესაქონლეებისა თუ ჩრდ. მონადირეთა მითები, მათი სოც.-კულტ. ცხოვრებისეული საჭიროებების შესაბამისად, სხვადასხვა მსოფლმხედველობაზეა დაფუძნებული. მითების მეცნ. შესწავლა აღორძინების ხანიდან იწყება. ყურადღების ცენტრში ექცევა ბიბლიური ისტორიები და ანტ. მ. ხელშემწყობი ფაქტორი იყო პრიმიტიული, "ველური" ხალხების კულტურით დაინტერესებაც. XIX-XX სს-ში ჩამოყალიბდა მითოლ. კვლევების ძირითადი მიმართულებები (სკოლები): ევოლუციური (ე. ტაილორი, ჯ. ფრეიზერი), მითოლოგიური (მ. მითელერი, ე. კასირესი), ფსიქოანალიზის (ზ. ფროიდი, კ. იუნგი), სოციოლოგიური (ე. დიურკემი, ბ. მალინოვსკი), სტრუქტურალისტური (კ. ლევი-სტროსი) და სხვ. XVIII–XIX სს. ქართველი ისტორიკოსები (ვახუშტი ბატონიშვილი, იოანე და თეიმურაზ ბაგრატიონები, ს. ბარათაშვილი, პ. იოსელიანი, დ. ბაქრაძე, ა. ხახანაშვილი და სხვ.) გულისხმიერებით ეკიდებოდნენ მითოლ. ფაქტებს, "სმენილთა კაცთა გაგონილს", განიხილავდნენ კოლხეთში არგონავტების ლაშქრობის მითს "ოქროსმატყლოვანი ვერძის მოსაპოვებლად", ეგვიპტის ფარაონ სეზოტრისის (ძვ. წ. XIV-XIII სს.) კოლხეთში ლაშქრობისა და ასურეთის დედოფალ შამურამატის (სემირამიდა, ძვ. წ. IX ს.) იბერიაში გამოლაშქრების თქმულებებს, გადმოცემას ეგვიპტელთა და კოლხთა ნათესაობაზე, დარიალის კარიბჭესთან დაკავშირებულ თქმულებებს, ამირანის მითს, მეფე ფარნავაზის (ძვ. წ. III ს.) სასწაულებრივი სიზმრისა და ნადირობის ამბავს და სხვ. ცდილობდნენ მათში ისტ. პლასტების დადგენას. ი. ჭავჭავაძე მოუწოდებდა ხალხის "ყოველგვარი გონებრივი ნაწარმოების შეკრებისაკენ", ივ. ჯავახიშვილმა კი საგანგებო კვლევები მიუძღვნა წარმართული ხანის ქართ. მითოლ. რწმენა-წარმოდგენებს. ქართვ. ეთნოლოგები მითოლ. კვლევებისას იყენებენ ქართ. ეთნოგრ. სკოლის ფუძემდებლის, გ. ჩიტაიას მიერ შემუშავებულ კომპლექსურ-ინტენსიურ მეთოდს, რ-იც გულისხმობს მოვლენის შესწავლას "შიგნიდან" მატერიალ. და სულიერ-რელიგ. ფაქტორების ერთიანობის გათვალისწინებით. ფართოდ გამოიყენება აგრეთვე თანამედროვე ეთნოლოგიური/კულტ. ანთროპოლოგიური მიდგომები. ქართ. მ-ის შესწავლაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით გ. ჩიტაიას, ვ. ბარდაველიძეს, ზ. კიკნაძეს, თ. ოჩიაურს, ჯ. რუხაძეს, ნ. ბრეგვაძეს, ე. ვირსალაძეს, ი. სურგულაძეს, ნ. აბაკელიას, ნ. ღამბაშიძეს, მ. ხიდაშელს.
ლიტ.: ა ბ ა კ ე ლ ი ა ნ., მეოცე საუკუნის ანთროპოლოგიური თეორიები მითსა და რელიგიაზე, თბ., 2013; ა ხ ვ ლ ე დ ი ა ნ ი გ., XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსები და ფოლკლკორი, თბ., 1982; ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე ვ., სიცოცხლის და სიუხვის ხე, კრ.: საქართველოს ეთნოგრაფიის საკითხები, თბ., 1968; თოფჩიშვილი რ., თეორიული ეთნოლოგია, თბ., 2010; კ ი კ ნ ა ძ ე ზ., ქართული მითოლოგია, თბ., 2016, მისივე შუამდინარული მითოლოგია, თბ., 2006; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ი., მითოსი, კულტი და რიტუალი, თბ., 2004; ხიდაშელი მ., რიტუალი და სიმბოლო არქაულ კულტურაში თბ., 2005.
ი. სურგულაძე
გ. ჩინჩალაძე