მითრიდატე

მითრიდატე, ფილადელფოს ფილოპატორი, კოლხეთის გამგებელი ძვ. წ. I-ში; პონტოს მეფის, მითრიდატე VI ევპატორის ძე. მ-ს მეფედ დასმა კოლხეთის წარჩინებულთა ინიციატივას უნდა მიეწეროს. აპიანეს (იხ. აპიანე ალექსანდრიელი) მიხედვით, კოლხეთში, რ-იც პონტოს სატრაპიას წარმოადგენდა, აჯანყებულთა მოთხოვნით (იხ. კოლხეთის აჯანყება ძვ. წ. 83) მითრიდატე VI-მ თავისი შვილი, მ. გაამეფა. მაგრამ ხელისუფლება დიდხანს ვერ შეინარჩუნა. ევპატორმა მის ღალატში შეიტანა ეჭვი, შვილი შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა (ძვ. წ. 84). მის დროს კოლხეთში იჭრებოდა სპილენძის ანონიმური მონეტები პონტოს მეფეთა დინასტიური ემბლემის, რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებით.

ლიტ.: დუნდუა თ., კოლხეთი იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ., 1993; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.1, თბ., 1970.