მითრიდატე იბერიელი

მითრიდატე იბერიელი, სომხეთის მეფე (35-51), იბერთა მეფე მითრიდატე I-ის ძე და მისი მომდევნო მეფის - ფარსმანის ძმა. პართიასთან ბრძოლაში რომაელებმა მას არაპირდაპირი დახმარება აღმოუჩინეს - რომაელთა სარდალმა ვიტელიუსმა ხმა გაავრცელა, თითქოს მესოპოტამიაში, პართიის სამფლობელოებში შეჭრას აპირებდა. პართიის მეფე არტაბან III იძულებული გახდა სომხეთი დაეტოვებინა. შედეგად სომხეთში მეფობა იბერიელ უფლისწულ მ-ს დარჩა (35). მალე იმპ. გაიუს კალიგულამ (37-41) მ. გამოიძახა რომში და ბორკილგაყრილი ციხეში ჩასვა. რომში, უეჭველია, შიშობდნენ იბერიის მეტისმეტ გაძლიერებას და არ შეეძლოთ დაეშვათ სომხეთის სრული დამორჩილება იბერიის სამეფოს მხრივ. რომაელებმა შემდგომ, როგორც ჩანს, მ. მაინც მიიჩნიეს სომხეთის ტახტის შესაფერ კანდიდატად, ამიტომაც იმპ. კლავდიუსმა (41-54) იგი გაათავისუფლა და დააბრუნა სომხეთში ტახტის დასაკავებლად. მ. სომხეთში 47 კვლავ გამეფდა. სულ რამდენიმე წლის შემდეგ იბერიის მეფე ფარსმანმა, სურდა რა სომხეთის დაუფლება (ტაციტუსი), აშკარად დაუწყო ბრძოლა თავის ძმას. ფარსმანი მას რომაელების ღალატს აბრალებდა მაგრამ მ-მ მოახერხა დაერწმუნებინა რომაელები, რომ ფარსმანი უფრო საკუთარი სამეფოს გაფართოებაზე ზრუნავდა, ვიდრე რომაელთა ინტერესების დაცვაზე. ფარსმანმა სიფხიზლის მოსადუნებლად ძმასთან გაგზავნა თავისი ვაჟი რადამიტი რ-მაც სომხეთში ყოფნა სომეხი დიდებულების გადასაბირებლად გამოიყენა. შემდეგ დიდი ლაშქრით თავს დაესხა მ-ს და გარნისის (გორნეის) ციხეში მოამწყვდია. მ. დანებდა და მოსალაპარაკებლად გამოცხადდა რადამისტთან. მან ფარსმანის განკარგულებით მ. და მთელი მისი ოჯახი ამოხოცა.

ლიტ.: გამყრელიძე ა., ტაციტუსის ცნობები. საქართველოს შესახებ, თბ., 1973; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ქ ა ვ თ ა რ ი ა გ., იბერიის მეფე მითრიდატე, "ქართული დიპლომატია", წელიწედეული, ტ. 2; თბ., 1995; მისივე რომის იმპერია და ქართლის სამეფოს საგარეო პოლიტიკა (ახ. წ. I საუკუნის 40-50-იანი წლები), ქართული დიპლომატია. წელიწდეული, ტ. 3, თბ; 1996; Л о м о у р и Н., Грузино-Римские взаимноотношения, Тб., 1981.

გ. ქავთარია