კაკაბაძე გულსუნდა (გულიკო) ივანეს ასული (29. VIII. 1946, თბილისი, – 7. XII. 2022, იქვე), თეატრმცოდნე, ჟურნალისტი, საქართვ. დამს. ჟურნალისტი (2015). 1971 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის თეატრმცოდნეობის ფაკ-ტი. 1974-იდან მუშაობა დაიწყო საქართვ. სახელმწ. რადიოს ახალგაზრდული პროგრამების რედაქციაში შტატგარეშე კორესპონდენტად; 1976-82 იყო ახალგაზრდული პროგრამების მთ. რედ. რედაქტორი; 1982-92 წწ. – სატირულ-იუმორისტული პროგრამების ჯგუფის რედაქტორი; 1992-2000 წწ. – ლიტერატ.-დრამ. პროგრამების მთ. რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი; 2000-05 – ლიტერატ.-დრამ. პროგრამების მთ. რედაქციის დრამ. პროგრამების ჯგუფის რედაქტორი; 2005-იდან გარდაცვალებამდე – დრამ. პროგრამების რედაქტორი, ავტორი და წამყვანი.
კ. იყო საქართვ. ჟურნალისტთა და თეატრის მოღვაწეთა კავშირების წევრი.
დაჯილდოებულია საქართვ. პრეზიდენტის ღირსების მედლითა (1998) და თეატრ. საზ-ბის პრეზიდიუმის პრემიით „თეატრის ამაგდარი“ (2014).