ეთნოგრაფიული ჯგუფი

ეთნოგრაფიული ჯგუფი, ხალხის, ეთნოსის ორგანული ნაწილი. იგი ეთნოსთან დაკავშირებულია საერთო წარმოშობითა და ეროვნ. თვითშეგნებით, კულტ. და სახელმწ. თანაცხოვრების საერთო ტრადიციებით. ე. ჯ-ს შენარჩუნებული აქვს სულიერი და მატერ. კულტურის სპეციფ. ფორმები, დიალექტი, კილო, ზოგ შემთხვევაში ენა, რ-იც ერთიანი ეთნოსის ენათა ოჯახს განეკუთვნება. ე. ჯ-ს შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული რელიგია და სოც. განვითარების დონე. ე. ჯ-ის სპეციფ. თავისებურებათა აღმოცენება განპირობებულია მონათესავე ტომთა ერთ ერად კონსოლიდაციის პროცესით, რ-შიც მონაწილე სხვადასხვა ეთნიკური ერთეული ყალიბდება საერთო ეროვნ. თვითშეგნების მქონე დიდ ეთნოსად და ინარჩუნებს ან იძენს ყოფაში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სპეციფ. ნიშნებს. ე. ჯ., რ-იც ისტორიულად მოქცეულია უცხო ეთნიკურ სამყაროში, ამ სამყაროს მიერ განიხილება როგორც ეთნიკური ჯგუფი (აზერბაიჯანში – ინგილოები, თურქეთში – ლაზები, ირანში – ფერეიდნელი ქართველები და ა. შ.), მაშინ, როდესაც საკუთარი ეთნოსისათვის იგი ისტორიულად მისგან მოწყვეტილ, უცხო ეთნიკურ სამყაროშია მოქცეული. ეთნიკური ჯგუფი მოსახლეობის ძირითადი მასისაგან განსხვავებული ჯგუფია, ხოლო ე. ჯ. პირიქით, ხალხის ორგან. ნაწილია, რ-იც ხასიათდება ვიწრო, ლოკალური, სპეციფ. კულტურულ-ყოფითი ნიშნებით. ქართვ. ხალხის ეთნოგენეზის მრავალსაუკუნოვანი პროცესი ძირითადად გენეტიკურად მონათესავე ტომთა კონსოლიდაციის შედეგია. ჯერ კიდევ პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის დროს დაწყებული ეს პროცესები XI–XII სს. ქართ. ფეოდ. ეროვნების ჩამოყალიბებით დასრულდა. მის შემადგენლობაში შესული ქართველთა მრავალი ე. ჯ. (ქართლელები, კახელები, ხევსურები, ფშავლები, იმერლები, გურულები, ინგილოები, მეგრელები, სვანები, რაჭველები და სხვ.) ძვ. ტომობრივი დანაწევრების რელიქტის სახითაა შემონახული. ეთნოსის თანამედროვე სტრუქტურაში ე. ჯ-ების შემორჩენა დამახასიათებელია არა მხოლოდ საქართველოს სპეციფიკისთვის, არამედ მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყნისთვისაც – ინგლ. საგრაფოები, შვეიცარიის კანტონები, საფრ. დეპარტამენტები თუ იტალ. პროვინციები დღემდე ატარებენ ძვ. ტომობრივი შემადგენლობის ცალკეულ ნიშნებს. „მიწების" ასეთი სიჭრელით ევრ. ქვეყნებში გამოირჩევა გერმანია, სადაც დღესაც განასხვავებენ ბავარიას, შვაბიას, საქსონიას, ვესტფალიას და სხვა მრავალს, რ-თა მოსახლეობაც სწორედ ე. ჯ-სათვის დამახასიათებელ კულტ.-ყოფითი თავისებურებებით გამოირჩევა.

ლიტ.: რ ო ბ ა ქ ი ძ ე  ა., ტერმინ „ეთნოგრაფიული ჯგუფის" მნიშვნელობისათვის, «მაცნე». ისტ. არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1980, N4; მ ი ს ი ვ ე, ტრადიცია და ცხოვრების წესი, თბ., 1981; Б р о м л е й  Ю. В., Современные проблемы этнографии, М., 1981; მისივე, Очерки теории этноса, М., 1983; К о з л о в  В. И., Классификaции этнических общностей, წგ.: Исследования по общей этнографии, М., 1979; L e v i n s o n  D., Ethnic Groups Worldwide: A Ready Reference Handbook, p. 1: Europe, Greenwood, 1998.

ვ. შამილაძე