ეიალეთი

ეიალეთი, უმაღლესი ადმინისტრაციული ერთეული ოსმალეთის იმპერიაში სულთან მურად III-ის (1574–95) დროიდან. პარალელურად იხმარებოდა ვ ი ლ ა ი ე თ ი ც. ე-ებად იყოფოდა ოსმალეთის სახელმწიფო თანზიმათამდე (პროგრ. რეფორმების პერიოდი 1839-იდან XIX ს. 70-იანი წლების დასაწყისამდე). XVII ს-ში 30-ზე მეტი ე. იყო. ე-ს ბეგლარბეგი (მირ-მირანი, ფაშა) განაგებდა და მას საფაშოსაც უწოდებდნენ [იხ. ახალციხის (ჩილდირის) საფაშო. ბეგლარბეგი განაგებდა სამხ. და ნაწილობრივ სამოქალაქო საქმეებს. მას ხელფასის ნაცვლად ხასი ეძლეოდა და მისი წლიური შემოსავალი 400 000 ახჩაზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. ე. სანჯაყებად იყოფოდა. დროთა განმავლობაში მათი რიცხვი გაიზარდა, მაგ., ახალციხის (ჩილდირის) ე-ში 1595 წ. 8 სანჯაყი იყო, XVII ს-ში – 14, XVIII ს-ში – 21. ე. ორი კატეგორიისა იყო. 1. სალიანეს (წლიური გადასახადი) არმქონე და 2. სალიანეს მქონე. სალიანეს არმქონე ე-ში თიმარული (იხ. თიმარი) სისტემა იყო გავრცელებული. ასეთი ე-ები არსებობდა საკუთრივ ოსმ. მიწაწყალზე და იმ დაპყრობილ ქვეყნებში, სადაც ოსმალებმა შედარებით მტკიცედ მოიკიდეს ფეხი და თავიანთი სოც.-პოლიტ. სისტემა დანერგეს. სალიანეს მქონე ე-ებში თიმარული სისტემა არ არსებობდა. მისი გამგებლები, რ-ებიც ნახევრად დამოუკიდებლები იყვნენ, ყოველწლიურად გზავნიდნენ გადასახადს ოსმ. ხაზინაში. ადგილ. წესები ძირითადად ხელუხლებელი რჩებოდა. სალიანეს მქონე ე-ები იყო ეგვიპტე, იემენი, აბისინია, ბაღდადი, ბასრა, ლაჰსა, ალჟირი, ტუნისი და დას. ტრიპოლი; სალიანეს არმქონე ეიალეთები – ახალციხის (ჩილდირის), არზრუმის, ტრაპიზონისა და სხვ.

ლიტ.: ს ვ ა ნ ი ძ ე  მ., ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული წყობა და პროვინციული მართვა-გამგეობა XVI საუკუნეში, კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1963; С а ф р а с т я н  Т. А., Административное деление Османской империи в XVII в., «Востоковедческий сборник », т. 1, Ep., 1960.

მ. სვანიძე