მინანქარი

მინანქარი, მტკიცე მინისმაგვარი მასა, რომლითაც ფარავენ ნაკეთობის ზედაპირს. თითქმის ყველა სახეობის მ-ის ძირითადი კომპონენტებია: სილიციუმის ორჟანგი (SiO2); ბორის ანჰიდრიდი (B2O3), ალუმინის ჟანგი (AL2O3), ტიტანის ჟანგი (TiO2); ტუტე და ტუტემიწა ლითონების, ტყვიის, თუთიის ჟანგეულები, ზოგიერთი ფთორიდი და სხვ. მ. არის საგრუნტო და მფარავი. საგრუნტო მ-ს, რ-შიც შედის შესაჭიდებელი მასალები, იყენებენ ლითონსა და საფარს შორის შუალედური ფენის დასადებად, მფარავ მ-ს კი უშუალოდ ადებენ დასაფარავ ზედაპირს.

მ. იცავს ლითონს კოროზიისაგან და ანიჭებს ლამაზ იერს. მ-ით ძირითადად ფარავენ თუჯსა და ფოლადს, ზოგჯერ სპილენძის, ალუმინისა და სხვადასხვა შენადნობისაგან დამზადებულ ნაკეთობებს. მომინანქრებულ ლითონს იყენებენ კვების, ქიმ., ფარმაცევტულ, ელექტროტექნიკურ მრეწველობაში, მშენებლობაში; მხურვალმტკიცე და მაღალკოროზიამედეგ მ-ის საფარს კი – რეაქტიულ ძრავებში, განსაკუთრებით აგრესიულ გარემოში მომუშავე აპარატებისათვის, სპეც. შენადნობების თერმული დამუშავებისა და ცხლად დეფორმაციის დროს.

მხატვრული მ. ოქროს, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობათა მ-ით შემკობა (ხატები, სხვადასხვა დანიშნულების რელიგ. ნივთები, ჭურჭელი, საიუველირო ნაკეთობანი და სხვ.). მ. ტექ. უძველესი დარგია, ტექ. პროცესი კი – მრავალფეროვანი; ზოგჯერ მ-ით ავსებენ სპილენძის ნაკეთობის ამოღრმავებულ ნაწილებს. ამ სახის მ-ს ამოღრმავებულს უწოდებენ. იგი ძველთაგანვე იყო ცნობილი აღმ-ში (ჩინეთი). გვხვდება აგრეთვე გვიანდ. რომაული ნაკეთობანი ბრინჯაოზე. ამ ტექნიკით მ. დას. ევროპაში XII ს-ში გავრცელდა. ძირითადად ცნობილია 3 სკოლა: მაასის – მდ. მაასის ველზე, ლოთარინგიაში; რაინისა – ცენტრი ქ. კელნი; ლიმოჟისა – ცენტრი ქ. ლიმოჟი (საფრ., იარსება XV ს-მდე). ზოგჯერ მ-ით ავსებენ გამოსახულების ტიხრებს, რ-ებიც შექმნილია წვრილი ლითონის ძაფებით და მიმაგრებულია ლითონის ფირფიტაზე. ამ სახის მ-ს ტიხრულს უწოდებენ. მსგავსი ტექნიკა არის გამოყენებული ძვ. ეგვიპტის ოქროს ნაკეთობებში. ტიხრული მ-ით არის შესრულებული მილანის სანტ-ამბროჯოს ეკლესიის საკურთხევლის ხატი (ოსტატი – ვოლვინიუსი, IX ს.). ბიზანტიაში ტიხრული მ-ის (ოქროზე) აყვავების ხანაა X–XII სს., საიდანაც იგი ევროპაში გავრცელდა. შემორჩენილია XI ს-ში კიევის რუსეთში შექმნილი ტიხრული მ-ის ნიმუშები (ოქროს დიადემები და სხვ.); ცნობილია აგრეთვე XII–XIII სს. რუს. ამავე სახეობის მ. (უმთავრესად ვერცხლზე). ჩინეთში ტიხრული მ-ის ტექნიკას იყენებდნენ ჯერ კიდევ ტანის დინასტიის დროს (618–907), განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა მინის დინასტიის ხანაში (1368–1644). არსებობს აგრეთვე კვეთილი მ. (გრავირებული). ლითონი იმდენად გამჭვირვალე მ-ით არის დაფარული, რომ მის სიღრმეში კარგად მოჩანს გრავირებული ლითონის ზედაპირი. მ-ის ეს ტექნიკა აღმოცენდა იტალიაში XIV ს-ში, შემდეგ გავრცელდა ესპანეთში, საფრანგეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, რუსეთში (ნოვგოროდი, მოსკოვი, XIV–XVII სს.). ფერწერულია მ., როდესაც ლითონის ნაკეთობა იფარება მ-ის ფონით, რ-ზედაც მინანქრიანი საღებავებით იხატება გამოსახულებები (XVII ს-იდან – ცეცხლგამძლე საღებავებით თეთრი მ-ის ფონზე, ოქროზე, ვერცხლზე, სპილენძზე).

ქართულ ხელოვნებაში უმ­თავრესად ცნობილია ტიხრული მ. ამოღრმავებული მ-ის ერ­თადერთი ნიმუში, რ-იც ჯუმათის ეკლესიაში იყო დაცული, ამჟამად დაკარგულია. მ-ს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართ. ხელოვნებაში. იგი განვითარების ისეთსავე მაღალ საფეხურზე იდგა, როგორზეც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის დამადასტურებლად მარტო ხახულის კარედზე შემონახული მ-ის რაოდენობა და შესრულების დონეა საკმარისი. ქართ. ტიხრული მ-ის კოლორიტი განსხვავდება სხვა (მაგ., ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მ-ისგან. ქართ. მ-ის ფერებს შორის თავისებურია ე. წ. ხორცისფერი და გამჭვირვალე მწვანე. შ. ამირანაშვილის მოსაზრებით, მ-ის ფერებში მანგანუმის შერევის შედეგად ხორცისფერს იღებდნენ. ქართ. ტიხრული მ-ის მრავალი ნიმუში დაკარგულია, უძველესი კი VIII ს-ით თარიღდება. ეს არის კათოლიკოსის გულზე დასაკიდი ჯვარი (დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. საქართვ. ხელოვნ. მუზეუმში). ამავე პერიოდს ეკუთვნის მთლიანად ტიხრული მ-ით შესრულებული ენკოლპიონი. IX ს-ისაა ვარძიის ხატზე დაცული მ-ები, ხახულის ხატის რამდენიმე მ., ჯუმათის ორი ხატის მ-ები ჯერ კიდევ XIX ს-ში დაიქსაქსა სხვადასხვა კოლექციაში, მათგან 3 მედალიონი საქართვ. ხელოვნ. მუზეუმს დაუბრუნდა. ხახულის ხატის ცენტრში ჩასმული იყო X ს. მ-ით შესრულებული ღვთისმშობლის გამოსახულება. ეს იყო ყველაზე დიდი ქართ. ტიხრული მ., რ-იც XIX ს-ში გაიტაცეს და ნაწილებად დაამტვრიეს. ამჟამად შემორჩენილია ღვთისმშობლის სახე, ხელები და შარავანდის ნაწილი. იგი არის ერთ-ერთი საუკეთესო ქართ. ტიხრული მ. ამ დარგის ხელოვნება საქართველოში განსაკუთრებით X–XII სს-ში აყვავდა, ხოლო წარმოება, როგორც ჩანს, XV ს-ში შეწყდა. სავარაუდოდ, ამავე საუკუნისაა წმ. გიორგის 2 ხატი (დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. საქართვ. ხელოვნ. მუზეუმში). XX ს. ბოლოს ძვ. ტრადიცია აღდგა და დაიწყო თანამედროვე ქართ. ჭედურობის შექმნა, მ.შ. საეკლ. მ-ისა. ეს ტენდენცია დღესაც საკმაოდ პოპულარულია. თანამედროვე ხელოვანები მ-ს აქტიურად იყენებენ სამკაულების შესამკობად.

ლიტ.: ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1961; გაფრინდაშვილი გ., ტიხრული მინანქარი ძვლის ფაიფურის ფუძეზე, თბ., 2015; გორდელაძე ვ., მინანქარი და მომინანქრების ტექნოლოგია, თბ., 2004; Хускивадзе Л. З. Грузинские эмали, Тб., 1981.

თ. გერსამია