მიქაელ ულუმბოელი, საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამა. საქართველოში შემოვიდა VI ს. შუა წლებში ასურელ მამებთან ერთად. მან ქართლში, სოფ. ალის მახლობლად დააარსა ულუმბოს მონასტერი და იყო მისი პირველი წინამძღვარი. დაკრძალულია იქვე. XIII ს-ში მონასტრის ადგილას დიდი ტაძარი ააგეს, რ-იც თემურლენგმა მიწასთან გაასწორა („საძირკველიც არა დაშთომილი იყო“). 1400–15 აღადგინა გიორგი VII-ის სიმამრმა, ქუცნა ამირეჯიბმა. მ. უ. შერაცხულია წმინდანად. ღირსი მამის ხსენების დღეა 18 (1 ივლ.) ივნისი. მ-ის ფრესკა შემონახულია ანანურის ტაძარში.
წყარო: ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ი. აბულაძის გამოც., თბ., 1955; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბ.–ათენი, 2003.
ბ. ლომინაძე