მიქაელ ფსელოსი (Michael Psellos)

მიქაელ ფსელოსი (Michael Psellos), ერისკაცობაში კონსტანტინე (1018, კონსტანტინოპოლი, – 1077), ბიზანტიელი სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი, მწერალი, კონსტანტინოპოლის უმაღლესი ფილოს. სკოლის პირველი ხელმძღვანელი. მიიღო კარგი განათლება, გახდა უნ-ტის პროფესორი და მიანიჭეს „ფილოსოფოსთუხუცესის“ წოდება. ეკავა კეისრის კანცელარიის უფროსის თანამდებობა. მისმა საუნივერსიტეტო საქმიანობამ ფილოსოფიის დარგში საფუძველი ჩაუყარა იმ დიდ მოძრაობას, რ-საც „ფილოსოფიური რენესანსი“ ეწოდება. მ. ფ-ს ეკუთვნის ფილოს., ფილოლ. და ისტ. ხასიათის ნაშრომები, აგრეთვე ავტორია დიდაქტიკური და სატირული ლექსებისა. მისი ისტ. თხზულება „ქრონოგრაფია“ უმნიშვნელოვანესი წყაროა 976–1077 ბიზანტ. ისტორიისათვის. იგი მოგვითხრობს მეფეთა მოღვაწეობას, აღწერს ბარდა ფოკას აჯანყებას ბასილი II-ის (976–1025) წინააღმდეგ, რ-საც იბერები დაეხმარნენ, მათ მ. ფ. უმამაცეს მებრძოლებად მოიხსენიებს: „ყველას ახლახან ამოსვლოდა წვერი ...მაღალი ტანისანი იყვნენ და თანაზომიერნი, თითქოს კანონის მიხედვით მოზომილნი, შეიარაღებული იყვნენ მახვილით და შემართვით იყვნენ უძლეველნი“. მიხეილ VII დუკას მეუღლე მარიამს (მართა ყოფილს) კი ულამაზეს ქალად მიიჩნევს. ძვ. ქართულ მწერლობაში შემონახულია მ. ფ-ის 2 სას. შინაარსის ტრაქტატის თარგმანი: I – „პირმშოჲსათჳის“, II – „განმარტება საეკლესიოთა წესთა მოქმედებათა და ნივთთა“.

წყარო: გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 6, თბ., 1966.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ყაუხჩიშვილი ს., ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973.

ნ. ლომოური.