მიქლიო, ქათამბარკალა (Cantharellus cibarius), ქუდიანი სოკო აფილოფორასნაირთა რიგის მიქლიოსებრთა ოჯახისა. მისი ყვითელი ქუდი, რ-ის დიამეტრი 10 სმ აღწევს, თავდაპირველად ამოზნექილია, შემდეგ კი – ძაბრისებრი. აქვს შიშველზედაპირიანი და ტალღოვანი ან თათისებრ დანაკვთული შეკეცილი კიდეები; ქვედა მხარეზე – ჩანგლისებურად დატოტვილი ძარღვები. ფეხი ძირისაკენ თანდათანობით წვრილდება. სიგრძე –4–7 სმ, დიამეტრი – 1–3 სმ. მკვრივი და მშრალი რბილობი თავიდან მოყვითალოა, შემდეგ – მოთეთრო. საქართველოში ყველგან იზრდება – ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ზაფხულსა და შემოდგომაზე. საკვებად ვარგისია ნებისმიერი სახით.
ლიტ.: ნახუცრიშვილი ი., საქართველოს სოკოები, თბ., 2007.
ი. ნახუცრიშვილი