მიშეცკის ელჩობა კახეთში 1641–43

მიშეცკის ელჩობა კახეთში 1641–43, რუსეთის სახელმწიფოს ელჩობა კახეთის სამეფოში. მეთაურობდა თავადი ეფიმ თედორეს ძე მიშეცკი. ელჩობა მოსკოვიდან გაემგზავრა 1641 წ. 9 ივნისს და დერბენდ-დარიალის გზით მომდევნო წლის სექტემბერს კახეთში, შუამთაში ჩავიდა. კახეთის მეფე თეიმურაზ I-მა ელჩობა 24 ნოემბერს მიიღო. ელჩმა თეიმურაზს გადასცა ხელმწიფის წყალობის სიგელი. მოლაპარაკების დროს თეიმურაზ I რუს. სახელმწიფოსაგან სამხ. დახმარებას ითხოვდა, მაგრამ ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 1642 წ. 26 ოქტომბერს მ. ე. კახეთიდან გაემგზავრა. ელჩობის ანგარიშში თავმოყრილია მნიშვნელოვანი მასალა კახეთის სამეფოს, მისი ცალკეული ადგილების (ალავერდი, გრემი, ზაგემი, შუამთა და სხვ.), საერთოდ აღმ. საქართველოს, კავკასიისა და კასპიისპირეთის ოლქების შესახებ.

ლიტ.: მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, ტ. 2, თბ., 2011; ტივაძე თ., თეიმურაზ პირველის საგარეო პოლიტიკა, თბ., 1990; Полиевктов М. А., Материали по истории грузино-русских взаимоотношения в 1615–1640 гг. Тб., 1937.

გ. ნარსია