მიშველაძე რევაზ ავქსენტის ძე

მიშველაძე რევაზ ავქსენტის ძე (დ. 1. I. 1940, სოფ. ბაბუშერა, ახლანდ. გულრიფშის მუნიციპალიტეტი, აფხ. არ), მწერალი, კრიტიკოსი, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1976), პროფესორი (1978). შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1998). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1963). 1966–2006 მუშაობდა თსუ-ში ასისტენტად, შემდეგ – უახლესი ქართ. ლიტ-რის ისტორიის კათედრის გამგედ. იყო ჟურნ. „კრიტიკის“ (1997–90) და ჟურნ. „ნუგეშის“ (1993–99) მთ. რედაქტორი; 1999–2004 – საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“).

ნოველების პირველი წიგნი „შიგნიდან გატეხილი ციხე“ გამოაქვეყნა 1964. ავტორია ლიტ. პაროდიების („მე თვითონ მეცინებოდა“, 1969), ნოველათა კრებულების („ნოველები“, 1972; „ამ წიგნს ხვალ ვეღარ იშოვით“, 1976; „კაცნი“, 1977), ლიტ.-კრიტ. ნაშრომების („კრიტიკა“, 1970; „კრიტიკული მონოლოგები“, 1973; „თანამედროვე ქართული პოემა“, 1975; „ეპოქის გზებით“, 1976; „შენ ჩემთვის რა გატირებდა“, 1979 და სხვ.). მ-ის თხზულებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.

მ-ს მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1999), არის ნ. ლორთქიფანიძის (1987), ა. წერეთლის (1993), დ. კლდიაშვილის (1995), მ. აბაშიძის (1999), ი. ჭავჭავაძის (2008). ლიტ. პრემიების ლაურეატი.

თხზ.: განაჩენი, თბ., 1990; უახლესი ქართული კულტურის ისტორია, თბ., 1998; რჩეული ნოველები, თბ., 2001; თანამედროვე ქართული მწერლობის პრობლემები, თბ., 2005; რჩეული–70, თბ., 2010; რჩეული თხზულებანი 25 ტომად, თბ., 2012–13.

მ. თუშიშვილი