მიშკარბაში, მისკარბაში

მიშკარბაში, მისკარბაში (არაბ-სპარს-თურქ. miršeqarbäşi – მონადირეთა მეთაური, მონადირეთუხუცესი), სამონადირეო უწყების მაღალი მოხელე ქართლ-კახეთის სამეფოში. მ. სეფიანთა კარზე მირახორ ბაშთან (თავლების მთავარი მოხელე, შეესაბამება მეჯინიბეთუხუცესს) ერთად აშიკ-აღას ბაშის (მთავარი მცველის) მომდევნო მოხელეა.

საქართველოში ეს სამოხელეო ტერმინი შემოიღო ერეკლე I ნაზარალი-ხანმა (1688–1703), მაგრამ გავრცელება ვერ პოვა. XVIII ს. II ნახ-ში, როდესაც ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრივ მმართველობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა, დაიწყო მისი დარგებად დაყოფა, შეიქმნა ახ. თანამდებობები, ზოგიერთ თანამდებობას კი შეეცვალა სახელწოდება, ნაწილობრივ შინაარსიც. მ-მა (ობერეგერმეისტერი) ჩაანაცვლა ბაზიერთუხუცესის სახელო. მ. ზოგჯერ მირიშქარადაც იწოდებოდა.

თავადი იოსებ ბებუთოვი (ბებუთაშვილი) მთავარმართებელ პ. ციციანოვისადმი წარდგენილ მოხსენებაში ჩამოთვლის საკუთარი სახლის იმ წევრებს, რ-ებიც ფლობდნენ აღნიშნულ სახელოს: მამამისის, ბასილისთვის თეიმურაზ II-ის (1744–62) დროს მიშკარბაშობა უბოძებია ირანის შაჰ იბრაჰიმს, შემდეგ ეს სახელო იოსების უფროს ძმას, იოანეს მიუღია. აქვე მითითებულია ამ სამოხელეო თანამდებობის სარგო: ბორჩალოსა და ყარაიის შემოსავლების წილი – წელიწადში ასი თუმანი.

ლიტ.: მასალები ქართლ-კახეთის სამეფოს სამოხელეო წყობის ისტორიისათვის, შ. მესხიას გამოც., თბ., 1948; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952; ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში (ენციკლოპედიური ლექსიკონი), თბ., 2017.

ი. უჯმაჯურიძე