მიცვალებულის კულტი

მიცვალებულის კულტი, რწმენა-წარმოდგენათა ერთ-ერთი უძველესი ფორმა. მის აღმოცენებას ვარაუდობენ ქვედა პალეოლითის, მუსტიეს ხანაში, როდესაც დამკვიდრდა დაკრძალვის წესები. მიცვალებულთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩაისახა პირველყოფილი საზ-ბის, ადრეულ ეტაპზე. მ. კ-ის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა წინაპრის კულტი, რ-იც განსაკუთრებით გაძლიერდა პატრიარქალურ გვარში, ხოლო გვაროვნ. წყობილების რღვევისას საფუძვლად დაედო ბელადებისა და მათი წინაპრების გაღვთაებრიოებას. ამასთანავე მ. კ. შედარებით მაღალგანვითარებულ საზ-ბებში რელიგ. და კოსმოგონიურ მნიშვნელობასაც იძენდა. ჩამოყალიბდა შეხედულებები „სამზეოსა“ და „სულეთის“ შესახებ. საიქიო წარმოადგენდა სააქაოს იდეალიზებულ სახეს. ქრისტიანობის ხანაში სულთა ერთიანი სამყარო გაიყო ჯოჯოხეთად და სამოთხედ. ქართველები თვლიდნენ, რომ „სამზეოს“ ისეთი არაფერი მოხდება, რაც წინასწარ  „სულეთს“ არ იყოს გადაწყვეტილი. სვანთა წარმოდგენით, სამოთხის მწვანე მდელოზე სუფრა იყო გაშლილი, თავში ქრისტე იჯდა და მისი შუქი ანათებდა გარემოს. ხევსურებს მიაჩნდათ, რომ სამოთხის შუაში იდგა თეთრი კოშკი, სადაც მიცვალებულები ასაკისა და ცოდვა-ბრალის მიხედვით იყვნენ განაწილებული. მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღეებში კლავდნენ საკლავს, შლიდნენ უხვ სუფრას და იმართებოდა ხალხმრავალი წვეულება. მათი წარმოდგენით, დანახარჯი სულს „იქ მიუდიოდა“. დაწესებული იყო ასევე მიცვალებულთა საზოგადო მოსახსენებელი დღეები: „კორკოტობა“, „ხალარჯობა“, „სულთაკრეფა“ და სხვ. არსებობდა ასევე მიცვალებულთა მოსახსენებელი ინდივიდ. დღეები – ქელეხი (დაკრძალვის დღეს), ორმოცი, წლისთავი.

მ. კ. ძვ. საქართველოში მჭიდროდ უკავშირდებოდა ბუნების აღორძინებისა და ნაყოფიერების ძალებს. მიცვალებულები მიაჩნდათ შუამავლებად ადამიანებსა და ღვთაებებს შორის, ამიტომ მათი კულტმსახურება სამეურნეო პროცესების დროს სრულდებოდა. მაგ., თიბვასა და მკაში ასრულებდნენ „მთიბლურებს“, „გვრინს“, „ქორქალს“, სადაც ტექსტებად იყენებდნენ „ხმით ნატირლებს“. მათი წარმოდგენით, თიბვის თუ მკის დროს მიცვალებულთა სულები მუშებს ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ, ამიტომ მათ ხშირად „წაუქცევდნენ“ სასმელს და შემწეობას სთხოვდნენ. ასევე მრავალფეროვანი იყო ქართ. დაკრძალვის ცერემონიალი. ძვ. ავტორები ხშირად მიუთითებენ, რომ ადამიანის გარდაცვალების დროს ჭრიდნენ ხეს, ჭირისუფლები დატირებისას იხოკავდნენ სახეს, წელზევით შიშვლდებოდნენ და მათრახს ირტყამდნენ, თავში ხელს იცემდნენ და დროდადრო შესძახებდნენ: „ვაჲ“, „ავაჲ“. ეს რიტუალი ერთობ ძველია და ენათესავება დიონისურ ორგიასტულ მოთქმას, სადაც დაღუპულ ღვთაებას დასტიროდნენ „ევოეს“ შეძახილებით. ამ რიტუალებში ცემა, თვითგვემა, დასახიჩრება თუ სისხლის დენა ჩვეულებრივი ნორმა იყო. ეს წესი დღემდეა შემონახული მაჰმადიანი წმინდანის, ჰუსეინის დატირებაში (შაჰსეი-ვაჰსეი). მ. კ-თანაა დაკავშირებული მესულთანე/სულის მკითხავის არსებობაც, რ-იც ითვლებოდა სულის მაგიერ მოლაპარაკედ, ხალხსა და სულებს შორის შუამავლად.

მიცვალებულის დატირების ქართ. წესებიდან განსაკუთრებით საინტერესოა „დალაი“, რ-იც თუშეთში იყო გავრცელებული. მასში მონაწილე მხედრები გარკვეული წესის დაცვით მიცვალებულს სიმღერით ასხამდნენ ხოტბას, შემდეგ იმართებოდა დოღი, ანუ სადგინი. გარდაცვლილის სახელზე დოღის გამართვა წესად იყო ქართვ. მთიელებში, რ-შიც გარდაცვლილი მამაკაცის ცხენიც – „სულის ცხენი“ მონაწილეობდა. მიცვალებულის დაკრძალვისას მსგავს წესებს ასრულებდნენ ჰომეროსის დროინდელი ბერძნები. უძველეს ინდურ სიბრძნისმეტყველების წიგნებში („რიგვედა“) ნახსენებია სულთა გამასპინძლების წესი, რ-საც ბერძნ. ანთესტერიები და რომაული ლემურიებიც (სულთა გულის მოსაგები საოჯახო რიტუალები) იმეორებდნენ. სულთა გამასპინძლება სლავურ ხალხებს და კელტებსაც სცოდნიათ. ყოველივე ეს ეხმიანება ქართველთა ხსენებულ წესებსა და დღესასწაულებს, რაც ხალხთა უძველესი კულტ.-ისტ. ურთიერთობების შედეგად უნდა მივიჩნიოთ.

იხ. აგრეთვე სტატია ლიფანალი.

წყარო: გიულდენშტედტი ი., მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1962; ლამბერტი ა., სამეგრელოს აღწერა, თარგმ. იტალიურიდან ა. ჭყონიასი, თბ., 1938; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; თეიმურაზ ბატონიშვილი, ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელი არს სახელად საქართველოისა, სპბ.,1848.

ლიტ.: აბაკელია ნ., სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში, თბ., 1997; ბარდაველიძე ვ., ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბ., 1953; გიორგაძე დ., დაკრძალვისა და გლოვის წესები საქართველოში, თბ., 1987; მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941; ღუდუშაური თ., გერმანელი მწერლები ქართველ მთიელთა სულიერი კულტურის შესახებ, თბ., 2005.

ი. სურგულაძე