მიცკევიჩი (Mickiewicz) ადამ (24. XII. 1798, სოფ. ზაოსიე, ახლანდ. ბელარუსი, – 26. XI. 1855, კონსტანტინოპოლი, გადაასვენეს კრაკოვში 1890), პოლონელი პოეტი და ეროვნ. განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე. ბავშვობა გაატარა ახლანდ. ბელარუსსა და ლიეტუვაში. დაამთავრა ვილნოს უნ-ტის ფილოლ.-ისტ. ფაკ-ტი (1819). გაიტაცა ევრ. განმანათლებლურმა იდეებმა. წერდა ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, სტატიებს. მ-ის პირველი კრებ. „პოეზია“ (ტ. I, 1822) პოლონეთში რომანტ. მიმართულების საწყისად იქცა. მ-ის შემოქმედებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა პოლონეთის ეროვნ.-განმათ. მოძრაობისა და დემოკრ. აზროვნების განვითარებისათვის. მისი თხზულებებიდან აღსანიშნავია პოემა „კონრად ვალენროდი“ (1828), „ძიადები“ (ნაწ. 3, 1832), „პან ტადეუში“ (1834) და სხვ.
საქართველოში მ-ს მის სიცოცხლეშივე იცნობდნენ. 1832 შეთქმულთა შორის განსაკუთრებით პოპულარული იყო მისი ლექსი „ფარისი“ (თარგმნა ს. რაზმაძემ). გ. ერისთავმა დედნიდან თარგმნა მ-ის რამდენიმე სონეტი (მ. შ. „ბაღჩა-სარაია“, „ცისკარი“, 1852, №3). ი. მეუნარგიას ცნობით, „ფარისს“ ნ. ბარათაშვილი გიმნაზიაში გაეცნო. „ფარისსა“ და ნ. ბარათაშვილის „მერანს“ შორის თემატურ მსგავსებაზე მიუთითებენ ი. მეუნარგია, კ. აბაშიძე და სხვ. გ. წერეთელმა გამოაქვეყნა სტატია და მ-ის 2 ლექსის თარგმანი („კვალი“, 1897, №10).
თხზ.: ყირიმის სონეტები, პოლონურიდან თარგმნა იასამანმა, თბ., 1951; კონრად ვალენროდი, თბ., 1956; სამიჯნურო სონეტები, პოლონურიდან თარგმნა თ. ჩხენკელმა, „ცისკარი“, 1959, №3; სვიტეზელი ქალწული (ლექსები), თბ., 1982; რჩეული თხზულებანი, თბ., 1986; კურთხევა. ლექსები, თბ., 1998.
ლიტ.: აბაშიძე გ., მიცკევიჩის პირველი მთარგმნელებისა და ფარისის გარშემო, «ლიტერატურული საქართველო», 1940, 28 ნოემბ., №33; კვესელავა მ., ადამ მიცკევიჩი, თბ., 1956; მიქაძე მ., ლიტერატურული ალუზიები და ენობრივი პარალელები ნ. ბარათაშვილის „მერანისა“ და ა. მიცკევიჩის „ფარისის“ მიხედვით, ქუთ., 2020; ჭელიძე ჯ., XIX ს. ქართულ-პოლონურ ლიტერატურულ ურთიერთობათა ისტორიიდან, [ტ.] 4, თბ., 1974.
ი. კენჭოშვილი