ეკიზაშვილი გიორგი კარლოს ძე (დ. 13. II. 1943, ბათუმი), მწერალი, მთარგმნელი. 1964 დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტის ფრანგული განყ-ბა. 1969-იდან მოღვაწეობს თსუ-ში. 1998–2004 ლექციებს კითხულობდა თბილ. ენისა და კულტურის სახელმწ. უნ-ტში. პირველი თარგმანი (ა. კამიუს ნოველა „სტუმარი") 1968 გამოაქვეყნა თსუ-ის სალიტ. ალმანახში „პირველი სხივი". მისი თარგმანები (შ. ბოდლერი, გი დე მოპასანი, ა. რემბო, მ. მეტერლინკი, გ.აპოლინერი, ა. მორუა, ე. ბაზენი, ფ. საგანი, ჟ. პ. სარტრი, ნ. საროტი) იბეჭდება ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. 1981 კრებულში „ფრანგული დრამა" დაიბეჭდა ე-ის ნათარგმნი მოლიერის პიესა „დონ ჟუანი". ცალკე წიგნებადაა გამოცემული თარგმანები: მ. უელბეკის „ბრძოლის ველის განვრცობა" (2000), ს. ბეკეტის „თამაშის დასასრული" (2001), პ. მოდიანოს „დორა ბრუდერი" (2001), ა. კამიუს „სამტომეული" (ესეები და ნოველები; 2003), ა. დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი" (2004). გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ლექსების ორი კრებული: „ტრამალები" (2002) და „ბილიკები" (2006). 2001 საფრ. მთავრობის გადაწყვეტილებით, „ფრანგული კულტურის წინაშე დამსახურებისათვის", ე-ს გადაეცა საფრ. სახელმწ. ორდენი „აკადემიური პალმის რტოს ოფიცერი". 2009 წლის საუკეთესო თარგმანისათვის (დ. პენაკი, „ძაღლი ძაღლი") ე-ს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა".