მიძნაძორი

მიძნაძორი, მიჯნაძორი, მამათა მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში, მდ. კარჩხლის ხეობაში. მდებარეობს თანამედროვე თურქეთში, ართვინის მხარის (ილი) ცენტრ. რ-ნის (ილჩე) სოფ. ალაბალიქში (ძვ. დიდვენახი), უბან იენიქოიში (ძვ. სოფ. ახალთა). ამავე ხევში მდებარეობს წყაროსთავის მონასტერი და ნუკა-საყდარი. არსებობს მოსაზრება, რომ აქვე იყო მერეს მონასტერიც. მ., სავარაუდოდ, აგებულია IX ს. 30–40-იან წლებში დავით მიძნაძორელის („დიდი“ და „მონასტერთა მაშენებელი“, გიორგი მერჩულე) თაოსნობით. დავითის „მაშენებლობა“ საკუთრივ მ-ის დაფუძნებას, აგრეთვე წყაროსთავისა და ბარეთელთას დაარსებაში თანამონაწილეობას უნდა გულისხმობდეს. გრიგოლ ხანძთელის (ხანცთელი) ეპოქაში დაარსებულ და განახლებულ „ათორმეტ უდაბნოთა“ შორის მოციქულთა სახელობის მ. ერთ-ერთი გამორჩეული მონასტერია.

მ-ის მონასტერს არაერთი საბუთი ჰქონდა, რ-თა მიხედვითაც ტაო-კლარჯეთის მმართველები და ერთიანი საქართვ, მეფეები ტერიტ-ებს უმტკიცებდნენ. XI ს. საბუთიდან ირკვევა, რომ ოპიზასა და მ-ს ერთმანეთში სამამულო დავა ჰქონიათ (იხ. სიგელი ოპიზარ და მიძნაძორელ მამებისადმი). ბაგრატ IV-მ დავა მ-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა – მონასტერს დაუტოვა ძველადვე შეწირული მამულები და საზღვრები: სამხრ-ით – სამწყრისწყალი შავშეთისწყლის შესართავამდე და ტიხარის კლდე, დას-ით – ეჟუანთა ქედი, ჩრდ-ით – დიდუბის ხერთვისი, საქათმის კარი და დიდი ქედი ერთკარი (დღეს ამ ტოპონიმების უმეტესობა გამქრალია). დოკუმენტიდან ჩანს, რომ მ-ში ესვენა პეტრე და პავლე მოციქულების ხატი/ხატები (მონასტრის მთავარი ხატი?) და ბართლომე მოციქულის წმ. ნაწილები.

მ., კლარჯეთის სხვა სავანეთა მსგავსად, სამეფო მონასტერი იყო. XIII ს-ში მ. და მხარის სხვა „უდაბნოები“ ათაბაგმა ავაგ მხარგრძელმა ხარაჯისაგან გაათავისუფლა. XV ს. II ნახ-იდან მონასტრები მეფის ხელისუფლებიდან ჯაყელთა მფლობელობაში გადავიდა. ეკლესიურად მ. ანჩის საეპისკოპოსოში შედიოდა, თუმცა XVI ს. დასაწყისში, კლარჯეთის რამდენიმე მონასტერთან ერთად, ტბეთის საეპისკოპოსოს დაქვემდებარებაში ჩანს. მ-ის მონასტერი, სავარაუდოდ, უწყვეტად არსებობდა ოსმალთა მიერ სამხრ. საქართველოს დაპყრობამდე. სავანეთა უმეტესობის მსგავსად, ისიც XVI ს. II ნახ-ში უნდა დაცლილიყო.

მ-ში ბერად აღიკვეცა მიქელ პარეხელი (IX ს.), რ-იც მოგვიანებით პარეხთაში დამკვიდრდა. გიორგი მერჩულე თავის თანამედროვე (X ს.) დიდ მამათა შორის ასახელებს მიძნაძორელ იაკობს („მთიები შორის ვარსკულავთა“). მას შატბერდში გაუგრძელებია მოღვაწეობა. იმავე საუკუნეში ცნობილია კვირიკე, რ-იც მ-იდან სინას მთაზე გადავიდა, თუმცა იგი თავს მაინც მიძნაძორელად მოიხსენიებდა: „კჳრიკე მიძნაძოროელი და თუაჲსა ხუცესი, მთისა სინაწმიდისა დეკანოზი“. მის სახელთანაა დაკავშირებული სინას მთის მონასტერში იოანე ნათლისმცემლის ქართველთა ეკლესიის აშენება. კვირიკე მიძნაძორელის დაკვეთით სინას მთაზე არაერთი ხელნაწერი გადაიწერა. მ-ის მონასტრის წინამძღვრებიდან ასევე ცნობილია ბართლომე (ბალავაძე, XV–XVI სს.) და ზოსიმე (ხანთუშიძე, XVI ს.). როგორც ჩანს, ამავე პერიოდში მონასტერში ხანთუშიძეთა საგვარეულოს სხვა წარმომადგენლებიც მოღვაწეობდნენ.

მ. მწიგნობრობის მნიშვნელოვანი კერა იყო. მონასტერში ინახებოდა XI ს-ში გადაწერილი გიორგი მთაწმიდლისეული რედაქციის სვინაქსარი (ხელნაწ., A-97), რ-შიც XV და XVI ს. I ნახ-ში ასეულობით მოსახსენიებელი ჩაიწერა. ეს ერთგვარი „სულთა მატიანე“ უმდიდრესი წყაროა სამხრ. საქართველოს (და არა მხოლოდ) საეკლ. და საერო ისტორიისათვის. სავარაუდოდ, მ-ში გადაიწერა XVI ს. I ნახ-ის რიგის სახარებაც (ხელნაწ., A-503).

მ. სომხური ტოპონიმების კლარჯეთში გავრცელების იშვიათი შემთხვევათაგანია და ნიშნავს „შუახევს“, თუმცა ბოლომდე ნათელი არ არის კარჩხლის ხეობის შუა წელი იგულისხმება, თუ სხვა რამ. სხვა მოსაზრებით, ტოპონიმი ქართ. წარმოშობისაა („მიჯნაჯვარი“) და შემდგომ კლარჯეთში მიგრირებული სომხ. მოსახლეობის მიერ სომხურად გადააზრებული. ქართ. წყაროებში უფრო ხშირად არის ფორმა „მიძნაძოროჲ“/„მიჯნაძოროჲ“, გვხვდება აგრეთვე „მიჯნაჯორო“/„მიჯნჯორო“. დღეს ადგილ. მოსახლეობა ნამონასტრალის ტერიტორიას მოიხსენიებს თურქიზებული ფორმით – „მიზნაზოლ“/„მიზრაზოლ“/„მიზაზოლ“ ან „ქილისე“/„ქილისელერს“ („ეკლესია“/„ეკლესიები“) უწოდებს.

მ. გაშენებული იყო დატერასებულ ფერდობზე მდ. კარჩხლის (კარჩხალას) მარცხ. ნაპირზე, კონცხზე, მდინარის მკვეთრ მოსახვევთან, სადაც მას მარჯვნიდან ცხუმურისხევი და წყარო ერთვის (აქედან ძვ. გზა სოფ. ფორთაში ადის, შესაბამისად, ამ ხევითვე დაუკავშირდებოდა მ. ხანცთას).

1904 მონასტერი მკვლევართაგან პირველად ნ. მარმა მოინახულა და აღწერა. მისი შეფასებით, ის თავისი მდებარეობით საუკეთესოა ამ მხარეში, თუმცა ერთ დროს დიდი და სახელოვანი სავანე დიდწილად დანგრეული დახვდა. შემორჩა მის მიერ გადაღებული სატრაპეზოსა და მონასტრის კარიბჭის ფოტოები. XX ს. 90-იან წლებში ეკლესია მკვლევრებს მნიშვნელოვანი დანაკარგებით დახვდათ. დღეს ტაძრის მხოლოდ მცირე ნაშთია დარჩენილი და გეგმის აღდგენა მხოლოდ ნ. მარის აღწერის მიხედვით არის შესაძლებელი. ეკლესია „ნახევრადთავისუფალი ჯვრის“ ტიპისა იყო, შესამჩნევად წაგრძელებული დას. მკლავითა და საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს აფსიდიანი პასტოფორიუმებით. დას-იდან, საიდანაც მთ. შესასვლელი უნდა ყოფილიყო, ეკლესიას თანადროული კარიბჭე ჰქონდა მიშენებული. ჩრდ.-დას. კუთხეში სწორკუთხა სათავსი იყო. დას. მკლავის გრძივი კედლები გაფორმებული იყო სამ-სამი თაღით. ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული, საშუალო ზომის წესიერ რიგებად დალაგებული ადგილ. მორუხო-ქვიშისფერი კლდოვანი ქვით. შემკულობა ნაგებობაზე არ ჩანს, თუმცა ამგვარი ქვები ჩატანებულია ნამონასტრალის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ თუ სამეურნეო შენობებში.

გეგმითა და საშენი მასალის დამუშავების ხასიათით ეკლესია IX ს-ით თარიღდება. შესაძლოა, ეს იყოს დავით მიძნაძორელის მიერ აგებული თავდაპირველი ეკლესია. ისე ჩანს, რომ კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთა“ შორის მხოლოდ მ-სა და წყაროსთავში შემორჩა გრიგოლ ხანცთელის დროინდელ ეკლესიათა თვალსაჩინო ნაშთები (დ. ხოშტარია). გადარჩენილი დეკორატიული ელემენტების მიხედვით ივარაუდება, რომ ტაძარი X ს-ში ორჯერ განახლდა.

ნ. მარი აღწერს დიდრონი ქვებით ნაგებ მართკუთხა გეგმის კამაროვან სატრაპეზოს, მონასტრის საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებს, შორიახლოს – კლდეში ნაკვეთ სენაკებს, თუმცა ნაგებობათა სიმრავლისა და დაზიანების გამო მოკლე დროში მათი აღწერა შეუძლებელი იყო. ნამონასტრალის ადგილას დღეს დასახლებაა, სამონასტრო შენობების უმეტესობა კი – სრულად ან დიდწილად განადგურებული. მეტ-ნაკლებად სრულად შემორჩენილია მონასტრის საძვალე, რ-იც დამოუკიდებელი ნაგებობაა და ერთმანეთთან კარებით დაკავშირებული სამი მოგრძო თაღოვანი ოთახისგან შედგება (გარედან თითოეულს ცალ-ცალკე შესასვლელი აქვს). როგორც წესი, საძვალე ეკლესიის ქვემო სივრცეში თავსდებოდა. ამ მხრივ მ-ის ცალკე მდგომი საძვალე ქართ. სამონასტრო არქიტექტურაში უნიკალური შემთხვევაა. სხვა ეკლესიების კვალი აღარ ჩანს. მონასტრის ყველა ნაგებობის ნაშთი, სამშენებლო ტექნიკის გათვალისწინებით, ადრეული პერიოდის (IX–X სს.) უნდა იყოს. შემორჩა აგრეთვე 2–3 მ-მდე სიმაღლის, მშრალი წყობით ნაგები ტერასების საკმაოდ მოზრდილი მონაკვეთები (ერთი მათგანი დაახლ. 150 მ სიგრძისაა). როგორც ჩანს, სავანის ცენტრ. უბანთან დიდ ფართობზე ბაღ-ვენახი იყო გაშენებული. „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების“ ერთი ცნობის ინტერპრეტაციით, მ-ს შესაძლოა ჰქონოდა „განშტოებაც“ (ერთგვარი ფილიალი, ერთი ან რამდენიმე).

წყარო: გიორგი მერჩულე, ცხორებაჲ გრიგოლ ხანცთელისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1984; ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციისა, ტ. 1 [ნაკვ. 1], ე. მეტრეველის რედ., თბ., 1973.

ლიტ.: კლდიაშვილი დ., მიძნაძორის მონასტრის სულთა მატიანე, კრ.: მრავალთავი, [ტ.] 21, თბ., 2005; ხიზანიშვილი ნ., კლარჯეთის „ათორმეტი უდაბნო“ (სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მონასტრების ისტორია VIII–XVI საუკუნეებში), თბ., 2022; ხოშტარია დ., კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბ., 2009.

ბ. კუდავა

ნ. ხიზანიშვილი